„მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ სასამართლოს აქვს სრული შესაძლებლობა და საფუძველი, რათა უდანაშაულო ადამიანის მიმართ გამოიტანოთ ერთადერთი სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოთ იგი სხდომათა დარბაზიდან”, – აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინის საქმეზე დღეს, 25 აგვისტოს ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ დასკვნითი სიტყვა თქვა.
2024 წლის 18 ნოემბერი
ადვოკატი აღნიშნავს, რომ ანტონ ჩეჩინის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე ორი კვირით ადრე ის პოლიციის განყოფილებასთან გადაიყვანეს და დაემუქრნენ, რომ შეეწყვიტა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება.
„მნიშვნელოვანია 2024 წლის 18 ნოემბერს განვითარებული მოვლენების გაზიარებაც. ამ დღეს ანტონ ჩეჩინი იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც იმართებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. როგორც თავად ანტონ ჩეჩინმა განმარტა, მელიქიშვილის ქუჩაზე ყოფნისას, დაუსაბუთებლად და ყოველგვარი ახსნა – განმარტების გარეშე, მოათავსეს პოლიციის ავტომანქანაში და გადაიყვანეს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან, სადაც მოხდა მისი ჩხრეკა და ადგილი ჰქონდა მუქარას, რათა შეეწყვიტა მას საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღება…
მიუხედავად მუქარისა და დაშინებისა, ანტონ ჩეჩინი კვლავ აქტიურად აგრძელებდა საპროტესტო აქციებში მონაწიელობის მიღებას სამწუხაროდ 2024 წლის 3 დეკემბრამდე, მის დაკავებამდე. 2024 წლის 3 დეკემბერი კი გახლავთ 18 ნოემბრის ერთგვარი გაგრძელება და იმ მუქარისა და დაშინების სისრულეში მოყვანა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხსენებულ დღეს”, – აღნიშნავს ადვოკატი.
2024 წლის 3 დეკემბერი
„2024 წლის 3 დეკემბერს, დილით დაახლოებით 09:45 წუთზე ანტონ ჩეჩინმა დატოვა საცხოვრებელი სახლი და გაემართა სამსახურში. ანტონ ჩეჩინს, მისი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადარბაზოში, ხვდება უცნობი მამაკაცი, რომელიც იყურება მობილურ ტელეფონში. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ანტონ ჩეჩინი მისსავე დაკითხვაში და ასევე ვიდეოსამეთვალყურეო კამერა (ასევე დათვალიერების ოქმი), რომელიც დამონტაჟებულია სადარბაზოს პირველ სართულზე.
09:47 წუთზე ანტონ ჩეჩინი გამოდის სადარბაზოდან და მიემართება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით. მას უკან მიჰყვება აღნიშნული მამაკაცი, რომელსაც ხელში კვლავ უჭირავს მობილური ტელეფონი, ჩართულ მდგომარეობაში და ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს. აღნიშნული გარემოება დასტურდება ანტონ ჩეჩინის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან (გარეთ), დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერით და შესაბამისი დათვალიერების ოქმით.
ზემოხსენებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში ასევე ჩანს ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ საუბრობს ტელეფონზე და იმყოფება ანტონ ჩეჩინის დაკავების ადგილიდან რამდენიმე მეტრში. აღნიშნული კამერის დაფარვის არედან გასვლის შემდგომ კი რამდენიმე წამში ანტონ ჩეჩინს უახლოვდებიან მისთვის უცნობი პიროვნებები ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე, მათ შორის ის პიროვნებაც, რომელიც მას სადარბაზოში შეხვდა, რის შემდეგაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ათავსებენ ვერცხლისფერ შკოდას მარკის ავტომობილში. ანტონ ჩეჩინს მათთვის რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
შესაბამისად, თანამშრომელთა მხრიდან ავტომობილში, დახურულ სივრცეში მოთავსების საფუძველი არც კი არსებობდა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი მათი მხრიდან პიროვნების დახურულ სივრცეში, ავტომანქანაში მოთავსება, მაშინ როდესაც შეეძლოთ თუნდაც ადგილზე ეწარმოებინათ პირადი ჩხრეკა, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ გარემოებას, რომ ანტონ ჩეჩინის მიმართ ადგილი ჰქონდა თვითნებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ძალადობას და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებას. დახურულ სივრცეში, ავტომანქანაში მოთავსების მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ მიმდინარე მოვლენები არ დაეფიქსირებინა რომელიმე ვიდეოკამერას ან გამვლელ პიროვნებებს! ავტომანქანაში მოთავსების შემდგომ კი იწყება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური ძალადობა. ანტონ ჩეჩინს ართმევენ ე.წ მეტრომანს (პლასტიკურ ბარათს) და სახის არეში ურტყამენ, ასევე მას კეფაში დაარტყა ავტომანქანაში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ. რამდენიმე მათგანს ასევე ეკეთა პირბადე.
ამ პიროვნებების მხრიდან ადგილი ჰქონდა აგდებულ დამოკიდებულებას და მიმანიშნებელ საუბრებს, რომ თითქოს იგი ნარკოტიკულ ნივთიერებებს ასაღებს და „ქართველებს წამლავს“ და ასევე პირდაპირი მუქარა, რომ მას იმდენად უყვარს საქართველო, რომ მთელი ცხოვრების გატარება მოუწევს საქართველოში (საქართველოს ციხეში). ანტონ ჩეჩინს ავტომობილში ყოფნისას პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ორჯერ. პირველი ჩხრეკისას მას წაართვეს მობილური ტელეფონი, ამოიღეს სხვადასხვა პირადი ნივთები. ანტონ ჩეჩინის თხოვნის მიუხედავად არ აძლევდნენ უფლებას დაერეკა მეუღლისთვის. უშუალოდ მეორე ჩხრეკისას, როდესაც ანტონს მოსთხოვეს ქურთუკის გახდა და შემდგომ ისევ ჩაცმა, აღნიშნული ქურთუკის ერთ-ერთი ჯიბიდან იღებენ პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია მოთეთრო ფერის ნივთიერება. აღნიშნულ პაკეტს გამომძიებლები ათავსებენ ანტონ ჩეჩინის შორიახლოს, ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმავდროულად მიმართავს პოლიციელებს, რომ ეს პაკეტი მას არ ეკუთვნის და რომ ადგილი აქვს გაუგებრობას. ანტონ ჩეჩინის განმარტებით კი მისი პირადი ჩხრეკის დროს ავტომობილში და მის მიმდებარედ იმყოფებოდა და მონაწილეობდა დაახლოებით 6-8 პიროვნება. მათ შორის მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი მათგანი, ვისზეც დადასტურებით ვიცით რომ იქ იყო, გახლავთ თორნიკე მაკასარაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში.
…ფიზიკური ძალადობის, დაცინვის, მუქარისა და ნარკოტიკული ნივთიერების ჩადება/ამოღების შემდგომ კი ავტომობილში ჯდება თარჯიმანი შორენა ტაბატაძე, რომელიც აიძულებს მას გარკვეულ ოქმებზე ხელის მოწერას…
საუბარი აქციებთან დაკავშირებით:
უშუალოდ დეპარტამენტში ანტონ ჩეჩინის გადმოცემით ორი პიროვნება, რომლებიც მისი შეფასებით იყვნენ შედარებით მაღალი თანამდებობის პირები, ესაუბრებოდნენ მას საპროტესტო აქციებზე და მის როლზე აღნიშნული აქციების მიმდინარეობაში, რაც პირდაპირ მიუთითებს ანტონ ჩეჩინის პიროვნების მიმართ დაინტერესებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება უარყო ედგარ ოგანესიანმა, ხსენებულ საუბარს ისიც ესწრებოდა.
დნმ-ის უკანონო აღება:
საპროტესტო აქციებზე საუბრის შემდგომ ანტონ ჩეჩინი, მისი განმარტებით „საწყობის მსგავს“, მცირე ზომის კაბინეტში, შეიყვანა ორმა პიროვნებამ. ორივე მათგანს ეკეთა პირბადე და ხელთათმანი. ანტონს განუმარტეს, რომ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეემოწმებინათ პირის ღრუ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თითქმის სრულად გააშიშვლეს რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა ხელთათმანის გამოყენებით შეამოწმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პირის ღრუ. ანტონ ჩეჩინის განმარტებით, ამ პიროვნებებმა სად წაიღეს გამოყენებული ხელთათმანები მისთვის უცნობია. რეალურად კი სწორედ ამ გზით მოხდა ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური ნიმუშის მოპოვება და შემდგომ უკვე დატანა პაკეტზე.
ნარკოლოგიურ შემოწებაზე არ წაყვანა
„ანტონ ჩეჩინმა დეპარტამენტში ყოფნის დროს თარჯიმან შორენა ტაბატაძეს უთხრა, რომ მას სურდა ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, რათა დაემტკიცებინა, რომ მას არანაირი შეხება არ ჰქონდა ნარკოტიკულ ნივთიერებებთან. პასუხად კი გამომძიებლისგან მიიღო ოქმი – ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პროცედურების განმავლობაში არც ერთხელ არ მომხდარა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციის გათვალისწინება, მან არც ერთ ოქმს არ მოაწერა ხელი და ამით ნათლად დააფიქსირა, რომ იგი არ ეთანხმება არც ერთ მათგანში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას.
2024 წლის 4 დეკემბერს გამოიკითხა ანტონ ჩეჩინი, სადაც მან პირდაპირ მიუთითა, რომ სურდა ნარკოლოგიური შემოწმება. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადჰყფოს, რომ ოქმი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ხელოვნურად არის შექმნილი. საგამოძიებო ორგანომ არც აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდგომ გადადგა რაიმე ნაბიჯი. ბრალდების მხარემ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ გადაემოწმებინა პატაკში მითითებული ინფორმაცია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების თაობაზე. ცხადია ბრალდების მხარეს არ სურდა იმგვარი დოკუმენტის არსებობა სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი!”, – ამბობს დაცვის მხარე დასკვით სიტყვაში.
„არ არსებობდა პირადი ჩხრეკის ჩატარების ფორმალური საფუძველი”
ადვოკატის თქმით, ანტონ ჩეჩინის პირადი ჩხრეკა ჩატარდა მხოლოდ გამომძიებელ ედგარ ოგანესიანის სამსახურებრივი პატაკის საფუძველზე, რაც სამართლებრივად ვერ ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილ პრაქტიკას.
მისი განმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირადი ჩხრეკის ჩატარებისთვის, როგორც მინიმუმ საჭიროა პატაკი და გამოკითხვის ოქმი.
ანტონ ჩეჩინის დაცვის მხარემ საცხოვრებელი კორპუსის სამეთვალყურეო კამერების დროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ანტონ ჩეჩინის ავტომანქანაში მოთავსება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და პირადი ჩხრეკის დაწყება მოხდა 09:48 წუთამდე, მაშინ როდესაც ედგარ ოგანესიანის გამოკითხვა არათუ დასრულებული, არამედ დაწყებულიც კი არ იყო.
„მოწამლული ხის ნაყოფის“ პრინციპიდან გამომდინარე დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამომდინარეობს კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული თავდაპირველი მტკიცებულებიდან.
„მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ გარდა პირადი ჩხრეკისა, არ უნდა გაიზიაროს არც ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ვინაიდან იგი პირდაპირ ებმის პირველად მტკიცებულებას”, – ამბობს ადვოკატი.
„ვიდეოგადაღება ობიექტურად იყო შესაძლებელი”
დაცვის მხარე განმარტავს, რომ ანტონ ჩეჩინის მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„თუმცა, რომ მივყვეთ ბრალდების მხარის ვერსიას, რომლის მიხედვითაც ანტონ ჩეჩინი გახლდათ „არაადეკვატური“ და წევდა ძლიერ ფიზიკურ წინააღმდეგობას, არც ეს გარემოებები არ ათავისუფლებს საგამოძიებო ორგანოს ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების ვალდებულებისგან. საგამოძიებო ორგანოს ობიექტურად ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულება როგორც უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდგომ”.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებს ჰქონდათ არაერთი გზა, შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოეპოვებინათ პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი (თუნდაც წინააღმდეგობის გაწევის პირობებში) და ამით დაედასტურებინათ საგამოძიებო მოქმედების სანდოობა, რაც არ იქნა გაკეთებული.
„საგამოძიებო ორგანოს, მას შემდეგ, რაც მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, ჰქონდა მინიმუმ 1 საათი იმისთვის, რომ მომზადებულიყო და აღჭურვილიყო სათანადოდ იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.
დაცვის მხარეს და სასამართლოს არ მოუსმენია მოწმეთა მხრიდან რაიმე ახსნა და შესაბამისად უცნობია რა გაკეთდა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან იმისთვის, რომ მომზადებულიყვნენ სათანადოდ პირადი ჩხრეკის მაღალი სამართლებრივი სტანდარტით ჩასატარებლად.
„…თითოეულმა მოწმემ განმარტა, რომ მათ არც კი უცდიათ გარეშე პირის მოძებნა და ჩართვა საგამოძიებო მოქმედებაში…
ზურაბ რუსიშვილი, არჩილ ნაცვლიშვილი და შორენა ტაბატაძე პირდაპირ მიუთითებენ ჩვენებებში, რომ მათ პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას თან ჰქონდათ ტელეფონები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ობიექტურად შეეძლოთ ადგილზე, ავტომანქანაში მოთავსების გარეშე, თუნდაც გაკავების, ძირს დაწვენის და მათ შორის ხელბორკილი გამოყენებით აღეკვეთათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის „წინააღმდეგობა”, მათ ეს არ გააკეთეს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოათავსეს დახურულ სივრცეში, რათა თვითმხილველთათვის არ ყოფილიყო ხილული მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება და მაშასადამე ნარკოტიკული ნივთიერების ხელოვნურად მოთავსების ფაქტი!”, – ამბობს ადვოკატი.
მოწმეთა განმარტებით ზურაბ რუსიშვილი აკავებდა ანტონ ჩეჩინს, ჩიკვაიძე ახორციელებდა ჩხრეკას, ხოლო ნაცვლიშვილი ადგენდა სხვადასხვა ოქმს.
ადვოკატის პოზიციით, კი:
„არჩილ ნაცვლიშვილი, რომელიც ისეთი პროფესიონალი და მოტივირებულია, რომ საგამოძიებო მოქმედებისას „კალამიც კი ვერ დათმო“ და მუდამ ოქმების შევსებაში იყო „გართული“, თავად მას შეეძლო ვიდეოგადაღება განეხორციელებინა და არგუმენტი, რომ თითქოს და ოქმებს ავსებდა და ამის გამო ვერ მოახერხა, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია”, – ამბობს ჩხეიძე.
დაცვის მხარის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „საგამოძიებო მოქმედების ოქმი დგება უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას ან მისი დამთავრებისთანავე”.
ამ ჩანაწერიდან გამომდინარე დაცვის მხარე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმის შედგენა გამომძიებელს შეუძლია როგორც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, ისე მისი დასრულების შემდეგ.
„მაშასადამე, იმგვარ რეალობაში, სადაც გამომძიებელს შეეძლო ოქმი შეედგინა საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ, აპელირება სწორედ ოქმის შევსების საფუძვლით და განმარტება, რომ ამის გამო ვერ მოახერხა მან ვიდეოგადაღება აბსურდულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოს, კონკრეტულად კი არჩილ ნაცვლიშვილს (თავად ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენენების მიხედვით) ობიექტურად შეეძლო ვიდეოგადაღება, რაც არ გააკეთა”, – ამბობს ადვოკატი.
გიორგი ჩხეიძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს ობიექტურად შეეძლო სულ რამდენიმე წამიანი კადრით დაეფიქსირებინა ავტომანქანაში მყოფი ანტონ ჩეჩინი და მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი, თუკი ასეთ რამეს რეალურად ჰქონდა ადგილი და ამით დაედასტურებინათ თუნდაც ობიექტური შეუძლებლობის კრიტერიუმი.
„არჩილ ნაცვლიშვილს ან ზურაბ რუსიშვილს, რომლებიც ისხდნენ ავტომობილის წინა სავარძლებზე, შეეძლოთ ტექნიკური საშუალება, თუნდაც მათი მობილური ტელეფონი განეთავსებინათ უძრავ, სტატიკურ მდგომარეობაში თუნდაც საქარე მინაზე ან სხვა ობიექტზე მიყრდნობით და შესაბამისად სულ არ სჭეროდათ ხელში (ხელი რომ არ შეშლოდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გაკავებაში ან ოქმის შედგენაში). ამ მოქმედებაშიც რამდენიმე წამს თუ დაკარგავდნენ, დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ სჭირდება ტელეფონის გახსნას, ვიდეოს ჩართვას და საქარე მინაზე ან სხვა ობიექტზე მიყრდნობას”, – ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებს, დაცვის მხარე ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ, რომელმაც არ მოიპოვა პირადი ჩხრეკის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულება, საერთოდ არ დაინტერესდა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კამერებით, საერთოდ არ დაინტერესდა იმ გარემოებით შეესწრო თუ არა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობას ვინმე თანაც იმგვარ პირობებში, როდესაც ადგილი დასახლებულია, პირდაპირ მდებარეობს ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე და ეზოში განთავსებულია რამდენიმე მარკეტი/მაღაზია.
„თარჯიმანი ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ პირად”
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე ცდილობს, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თარჯიმანი, აქციოს ნეიტრალურ პირად და ამ გზით თითქოს და დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი სტანდარტი.
დაცვის მხარის პოზიციით კი, პირად ჩხრეკაში მონაწილე, თავად საგამოძიებო ორგანოს მიერ მიყვანილი თარჯიმანი, ვერ ჩაითვლება ნეიტრალურ პირად, ხოლო მის მიერ მიცემული ჩვენება ვერ ჩაითვლება საკმარისად მყარ (როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი მოითხოვს) მტკიცებულებად, იმისთვის, რომ ჩატარებული პირადი ჩხრეკის სანდოობა დადასტურდეს.
გიორგი ჩხეიძემ ამის შემდეგ ვრცლად ისაუბრა გამოვლენილ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე და იმაზე, თუ რატომ არ უნდა მიიჩნიოს სასამართლომ შორენა ტაბატაძე ნეიტრალურ პირად.
„რა შეეძლო ბრალდების მხარეს და რა არ გააკეთეს”
- „საგამოძიებო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა ნარკოლოგიური შემოწმებით დაედასტურებინა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი – რაც არ გააკეთა.
- საგამოძიებო ორგანოს შეეძლო მოეპოვებინა პირადი ჩხრეკის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი – რაც არ უზრუნველყო.
- საგამოძიებო ორგანოს შეეძლო პირად ჩხრეკაში მოეწვია გარეშე პირი – რაც არ მოახდინა.
- საგამოძიებო ორგანოს შეეძლო მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები, პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ, სრული გამოძიების ეტაპზე – რაც არ გააკეთა.
დაცვის მხარის მიერ დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ოპერატიული ინფორმაცია ხელოვნურად არის შექმნილი.
დაცვის მხარის მიერ დადასტურდა, რომ მაშინ, როდესაც გამომძიებლები მიუახლოვდნენ ანტონ ჩეჩინს, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, მოათავსეს ავტომანქანაში და დაიწყეს ჩხრეკა – ამის ფორმალური საფუძველიც კი არ ჰქონდათ მათ.
დაცვის მხარის მიერ დადასტურდა, რომ ანტონ ჩეჩინის მხრიდან ადგილი არ ჰქონია წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს.
ასევე დადასტურდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც კი საგამოძიებო ორგანოს ობიექტურად შეეძლო მოეპოვებინა ნეიტრალური მტკიცებულებები.
დაცვის მხარის მიერ დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თარჯიმანი არ შეიძლება ჩაითვალოს ნეიტრალურ და მიუკერძოებელ პირად.
დაცვის მხარის მიერ დადასტურდა, რომ ანტონ ჩეჩინი არის უდანაშაულო წარდგენილ ბრალდებაში და რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან”, – ამბობს ადვოკატი.
მომდევნო სხდომა 27 აგვისტოსაა ჩანიშნული, სადაც სავარაუდოდ გამოცხადდება განაჩენიც.