„რა გამოდის, სადაა მტკიცებულებათა ერთობლიობა?" | დასკვნითი სიტყვა კაძელაშვილის საქმეზე

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე 25 აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დაიწყო.

საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ ვასილ კაძელაშვილის საქმის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენს შემთხვევაში [დანაშაულის] მომზადებაც არ არის, არანაირი გეგმა არ არსებობს, როლები არავისთან არაა გადანაწილებული, არანაირი იარაღების შეძენის ბრძანება ან მომარაგება არ ხორციელდება, კომუნიკაცია რომ არის ვინმესთან, არ ჩანს.

აღსანიშნავია, რომ ვასილსაც და ვეფხიასაც, ორივეს ორგანიზება-ხელმძღვანელობას ედავებიან. ისე კი არაა, რომ ვასილი ელაპარაკებოდა ვეფხიას და ის დაიყოლია და როლი მისცა ან პირიქით. არა, ორივე ორგანიზატორიცაა და ხელმძღვანელიც ან ე.წ. აღმსრულებელი, ან ვისზეც როლს გაანაწილებდნენ ესეც არაა, არც ერთურთში განაწილებულა რაიმე როლები, მით უფრო, იმ რეალობაში, როდესაც არანაირ ზრახვას არ ჰქონდა არასდროს ადგილი”, – ამბობს აჭარაძე.

ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოზე ადვოკატი ამბობს, რომ:

„აღნიშნული ჩანაწერი არ იქნა, პირველ რიგში, მოპოვებული კანონით დადგენილი წესით; არ არის ავთენტური, არაფერი არ ჩაუტარებია გამოძიებას ამ საკითხის დასადგენად.

ვიდეოჩანაწერში რაც კი ისმის, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება გეგმის შემუშავებად, როლების განაწილებად.

ვიდეოჩანაწერიდან რაც გვესმის, რომც ჩავთვალოთ, რომ ნამდვილად ვასილი საუბრობს და ავთენტურია – რას იძლევა ცალკე აღებული, რომ უკმაყოფილო ადამიანი საუბრობს? მეტი რა იყო ამ ვიდეოში, რასაც მოუსმინეთ, ბატონო მოსამართლე? ეს როგორ შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს რაიმეს დაგეგმვად?

მთლიან ვიდეოში არის 18 ფრაზა, ამას გამოვაკლოთ მესამე პირის ჩანართები, გამოდის 16 ფრაზა და გავყოთ ორ კაცზე, ვასილზე და ვეფხიაზე 8-8 ფრაზით, თავისი აბსტრაქტულობით და შეუთანხმებლობით, როგორ შეიძლება, ადამიანმა თქვას, რომ ეს ვიდეო ადასტურებს ვასილის ორგანიზატორობას, ხელმძღვანელობას ძალადობრივ ქმედებებისა, რაც პარლამენტის მიმდებარედ მოხდა, თან თურმე არც ედავება პროკურატურა, თუ ედავება?”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოება პროკურატურისგან ელოდება მაღალ სტანდარტს, დაცვის მხარესა და სასამართლოს ხელში რჩება მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობები, რაც მიუღებელია.

„ერთი არგუმენტი მაინც ეთქვა თარიღთან დაკავშირებით, შექმნის დროსთან, ადგილთან, რა ქმედება მოჰყვა აღნიშნულს, რაც აუცილებელი ელემენტებია ამ ბრალდებისთვის…

500-ლარიანი ჯარიმა რომ დაეწერათ ხალხისთვის, მთელი რუსთაველის კამერები ათასჯერ გადაატრიალ-გადმოატრიალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ასეთი მძიმე დანაშაული თურმე იგეგმება, მეტიც, ხორციელდება და 112-ის კამერები გამოთხოვილი კი არა, არც დათვალიერებულია და მეტიც, წერილიც კი არაა 112-ში, ვიდეოები ხომ არ გაქვს ადგილმდებარეობის, რომ გადავამოწმოთ, სად დგანან, ვისთან ერთად დგას ვასილი და კომუნიკაცია ვისთან აქვს, თუკი მსგავსი რეალობაა.

საქმე ისაა, რომ უბრალოდ დაიჭირეს ეს ადამიანები, რომ რაღაც სურათი შეექმნათ, ფონი, აი, ორგანიზებულ ძალადობას აქვს ადგილიო და ამით დაეზაფრათ ხალხი, დაეშინებინათ გულწრფელი მომიტინგეები”, – აღნიშნა მან.

მან ჩამოთვალა, თუ რა და რა სახის მტკიცებულებებია საქმეში კაძელაშვილის წინააღმდეგ – პატაკი, ვიდეოს დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერი და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა.

„რა გამოდის, სადაა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენისთვის? პირველი წარდგენის სხდომიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არაა მტკიცებულება, არაფერი არ გააჩნია გამოძიებას და ბუნებაშიც არ არსებობს.

გამამტყუნებელი განაჩენი ვერ უნდა დადგეს, ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგება ბრალდება და პროკურორების სიტყვები”, – აღნიშნა მან.

მან ასევე ამოიკითხა ბრალდების შესახებ დადგენილება, სადაც აღნიშნულია, რომ „[ბრალდებულებს] უნდა განეხორციელებიათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით”. ამის საფუძველზე აჭარაძე ამბობს:

„რა გაირკვა 8 ტომიდან და საქმის არსებითი განხივლის ბოლოს, გაარკივეს ბოლოსდაბოლოს არასასურველ კონკრეტულ პირთა ქონებები? კალაძის მეუღლის მაღაზია იპოვა ამ ჯგუფმა? ერთი კერძო პირიც კი არაა დაზარალებულად ცნობილი, ბატონო მოსამართლევ, არავინ…

ამ ყველა კითხვაზე არსენ ხუნაშვილი განმარტავდა, რომ არა, არ მოხდა, არა, არაფერი დაუწვავთ, არა, არავის არ დახვედრიან, არა, კომუნიკაცია და ნაცნობობა არ დგინდება და სავარაუდოდ, ტელეფონების ექსპერტიზები რომ მოვა, მანდ ვიხილავთ წარმოუდგენელ მტკიცებულებებს, იმ ფონზე როდესაც არც გამიხსნიაო ტელეფონი და ბრმად გადააგზავნა ექსპერტთან. მხოლოდ ვარაუდები და ფანტაზიები კვლავ”, – ამბობს კაძელაშვილის ადვოკატი.