აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე 25 აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დაიწყო.
საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, გიორგი გორგაძეს, ინსაფ ალიევს კი – მათ მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ პროცესზე ისაუბრა როგორც საქმეში არსებული ვიდეოების წარმომავლობაზე, ასევე მისი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავების უსაფუძვლობაზე, პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებზე, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე, დანაშაულის შემადგენლობასა და პოლიტიკურ კონტექსტზე.
„ნიშანდობლივია, რომ ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში, აღწერილია და წინასწარ დადგენილი კრიტერიუმები არსებობს იმისთვის, თუ რას ნიშნავს ჯგუფურობა. არ არსებობს არცერთი აკადემიური ნაშრომი, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის პრაქტიკა, რომელიც დაუშვებდა, რომ ჯგუფური დანაშაულია ჩადენილი მაშინ, როცა არ არსებობს პირთა შორის რაიმე ტიპის კოგნიტური კავშირი – ყველაზე ნაკლები სტანდარტის შემთხვევაში, ის მაინც უნდა იყოს ცნობილი, რომ ვიღაც სხვა, მსგავსი საერთო განზრახვით, მსგავს ან ფუნქციურად მსგავს ქმედებას ახორციელებს.
მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზატორის არარსებობა გამორიცხავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში – არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება პირთა შორის კავშირისა, რაც მარტივ სამართლებრივ აბსურდს იწვევს – პირს რომ, პირობითად, ხუთ დეკემბერს, გლდანის რაიონში პოლიციელი ეცემა, პროკურატურის ლოგიკით, ისიც ამ პოლიტპატიმართა ჯგუფის წევრი იქნებოდა”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „პროკურატურას დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი მესიჯი და არცერთი ზარი და მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები რამე კავშირში არიან ერთმანეთთან და რატომ არ წარმოუდგენიათ, იცით? ექსპერტიზა რომ არ დამთავრებულა, რატომ არაა დამთავრებული, ეს ცალკე ამბავია, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი კავშირი”.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ვიდეოებს, შოთა თუთბერიძის თქმით, არცერთ ეტაპზე, სასამართლო არ დაინტერესებულა და ბრალდებას არ განუმარტავს, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეოები სოციალურ ქსელში.
„განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეს ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ იყო მოპოვებული.
…ვიდეოები, რომელთაც ბრალდების მხარე ცდილობს „ვიდეო-მტიცებულებების“ იარლიყი მიაკრას, ამ საქმეში აღმოჩენილია „ქართული ოცნების” ტროლების სოციალური ქსელების ფეიკექაუნთების საშუალებით. და გარდა იმისა, რომ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ეს ვიდეოები შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან შალვა რამიშვილის ნატურალ ჰებიტატში, უცნობია, ასევე, როგორ იქნა გადაღებული, როდის იქნა გადაღებული, ან რა საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში იქნა გადაღებული? უფრო მეტიც, პატივცემულო მოსამართლევ, თავად შსს-მ დამალა ფაქტი და ვიდეოები გაავრცელა ცრუ ანგარიშების საშუალებით. მოგეხსენებათ, სახელმწიფო უწყებას უფლება აქვს, განახორციელოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობა/ქმედება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიდი ხანია, აღარ ახსოვთ”, – ამბობს თუთბერიძე.
ადვოკატი განმარტავს, რომ არცერთ ვიდეოზე, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, არ ირკვევა, სად, როდის, რა ვითარებაშია ეს ვიდეომასალა გადაღებული.
რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვას, თუთბერიძე ამბობს, რომ არცერთი მოწმე არ ამბობს და არ უთქვამს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოდესმე უნახავს.
ასევე, არ არსებობს ვიდეო-აუდიოჩანაწერები, რომლებიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად გამოდგება.
„უფრო მეტიც, მათზე პოლიციელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები ჩანს და სიმპტომატურია ისიც, რომ ვიდეო დაჭრილი სახით არის წარმოდგენილი, რათა დაემალათ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედება. ეს იურიდიულ უსინდისობასთან ერთად, უფლებამოსილების გადამეტებაა. აქვე უნდა აღინიშნოს ის სამართლებრივი უმსგავსობა, როცა პროკურატურა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების ლეგალიზებას ცდილობს სასამართლოში და, სამწუხაროდ, სასამართლო ამაში ხელს უწყობს. მაგალითად, მოწმის მიერ „ფლეშკით“ მოტანილი ვიდეომასალის საქმისთვის დართვა”, – ამბობს ის.
თუთბერიძის თქმით, ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.
„პროკურატურა უკანონო რეიდებით, პროპაგანდის აქტიური გამოყენებით ცდილობს, იპოვოს აქციის ორგანიზატორი – არა ძალადობის, არამედ, აქციების. პოლიტიკური ხელისუფლება ვერ იჯერებს, რომ შეიძლება არ არსებობდეს ადამიანი, რომელიც ორგანიზებას უწევს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. არადა, ჩვენ ვასამართლებთ თავისუფალ ადამიანებს, თავისუფალ თაობას, რომელსაც დემოკრატიისა და ქვეყნის დასაცავად ორგანიზატორი არ სჭირდებათ.
შევხედოთ ერთ-ერთი ბრალდებულის ბლოკნოტს, მისი დათვალიერების ოქმს. ამ ოქმში ბლოკნოტის რამდენიმე ფურცლის ასლია მოცემული. იგი შედგება ლექციების ცხრილისგან და სამომავლო გეგმებისგან, სადაც უწერიათ, რომ უნდა იმუშაონ ქველმოქმედების, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიდემოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები საფრთხეს უქმნიან მხოლოდ ერთადერთ რამეს – დიქტატურას“, – განაცხადა მან.