საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ნებისმიერ უარყოფით გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს და მიზეზად დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლას“ ასახელებს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეჩერდეს, ევროკომისიამ „ქართულ ოცნებას” რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.
დღევანდელ განცხადებაში ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ „ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა ევროკავშირის ჯერ კიდევ 2024 წელს გაცემული რეკომენდაციები, რომლებიც მოითხოვდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თავისუფლების შემზღუდავი, რეპრესიული კანონების გაუქმებას, კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას ყველა დონეზე.
„უფრო მეტიც, 2025 წელი კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, საქართველოში გვყავს 65 სინდისის პატიმარი, დამატებითი რეპრესიული კანონები მიიღეს და დღემდე გრძელდება ადამიანთა დევნა”. – აღნიშნავენ NGO-ები და მიუთითებენ, რომ ხელისუფლება კონკრეტული ნაბიჯების ნაცვლად, არსებული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია:
შეწყდეს რეპრესიები,
გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაპატიმრებულები,
გაუქმდეს რეპრესიული კანონები,
დაიწყოს ღია და სანდო დიალოგი არსებული კრიზისის დასაძლევად.
ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას და მივიჩნევთ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა – დავიცვათ საქართველოს ევროპული გზა”. – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.