მზია ამაღლობელი უკრაინელ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან ერთად 2025 წლის ვაცლავ ჰაველის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სიაშია.
ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის შესარჩევმა კომისიამ დღეს 2025 წლის ჯილდოს პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. ვაცლავ ჰაველის ჯილდო გადაეცემათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დასაცავად გადადგმული გამორჩეული ნაბიჯებისთვის.
დაჯილდოების ორგანიზატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაა, ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკასა და Charta 77 Foundation-თან ერთად.
მოკლე სიაში არიან:
- მზია ამაღლობელი – საქართველო;
- მაქსიმ ბუტკევიჩი – უკრაინა;
- ულვი ჰასანლი – აზერბაიჯანი.
PACE წერს:
„მზია ამაღლობელი 2000 წლიდან მოწინავე ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელია. მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებისა და საპროტესტო აქციების დროს მის მიერ ძალადობის გამოაშკარავების შემდეგ მის მიმართ მკაცრი არასათანადო მოპყრობისა, მისმა გაბედულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო მედიის მიმართ რეპრესიებსა და პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას, რაც განაპირობებს და ხელს უწყობს საქართველოს დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფას.
დაპატიმრება და განაჩენი მას 2025 წლის პრესის თავისუფლებისა და მთავრობის რეპრესიების წინაშე მდგრადობის სიმბოლოდ აქცევს, რაც ხაზს უსვამს ჟურნალისტების გადამწყვეტ როლს ადამიანის უფლებების დაცვაში.
მაქსიმ ბუტკევიჩი, უკრაინა
მაქსიმ ბუტკევიჩი უკრაინელი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ადამიანის უფლებათა ცენტრის „ზმინასა“ და „ჰრომადსკე რადიოს“ თანადამფუძნებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ცხოვრება პაციფისტი იყო, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მოხალისედ ჩაეწერა და ოცეულის მეთაური გახდა. რუსულმა ძალებმა ის ტყვედ აიყვანეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მკაცრ პატიმრობას გაუძლო. 2024 წლის ოქტომბერში მაქსიმი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ის კვლავ სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვისთვის გამბედაობისა და გამძლეობის ძლიერ სიმბოლოდ რჩება.
ულვი ჰასანლი, აზერბაიჯანი
ულვი ჰასანლი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და 2016 წლიდან აზერბაიჯანული მედია Abzas Media-ს დირექტორია.
2011 წლიდან ის აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მათ შორის, ის იყო დაკავებული. გამოიარა წამება. მის მიმართ იყო პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. 2025 წლის ივნისში ჰასანლის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ამჟამად საპატიმროში იმყოფება, სადაც მძიმე პირობებია. ის შიმშილობდა, იყო სამარტოო საკანში. ის მდგრადობას და პრესის თავისფლებისადმი ერთგულებას განასახიერებს.
ვაცლავ ჰაველის ჯილდოს გამარჯვებული სტრასბურგში 29 სექტემბერს დასახელდება.
წინა წლებში პრემია მიენიჭათ მარია: კორინა მაჩადოს (2024), ოსმან კავალას (2023), ვლადიმერ კარა-მურზას (2022), მარია კალესნიკავას (2021), ლუჯაინ ალჰათლოულს (2020), ერთობლივად ილჰამ ტოჰტის და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ინიციატივას (2019), ოიუბ ტიტიევს (2018), მურატ არსლანს (2017), ნადია მურადს (2016), ლუდმილა ალექსეევას (2015), ანარ მამადლის (2014) და ალეს ბიალიაცკის (2013).