„მადლობა, ვინც დგახართ და ჩვენი სახელით აგრძელებთ ბრძოლას“ | ირაკლი მიმინოშვილის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა – საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდებულებმა დღეს საბოლოო სიტყვები თქვეს.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა საბოლოო სიტყვაში თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, ვერ გაიგო რისთვის ზის ციხეში ბოლო 9 თვის განმავლობაში, თუმცა მადლობელია, რომ საკანში კარგი ადამიანები გაიცნო – უჩა აბაშიძე, ანდრო ჭიჭინაძე, გიორგი მჭედლიშვილი და დათო ხომერიკი.

მიმინოშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მათი სახელით დღემდე აგრძელებს ბრძოლას.

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ და 9 თვის მანძილზე ვერ გავიგე, საერთოდ რის გამო ვარ აქ. მადლობა მინდა გითხრათ, რომ ეს კარგი ადამიანები გამაცანით და მათ შორის, ანდრო ჭიჭინაძე, დათო ხომერიკი, გიორგი მჭედლიშვილი და უჩა აბაშიძე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახის წევრებს ასეთი გვერდში დგომისთვის, ხალხსაც, დიდ ძალას მაძლევს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ეკრანზე ჩემს ბანერს ვხედავ 9 თვის მერე… ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც დგახართ იქ და ჩვენი სახელით აგრძელებთ ბრძოლას, მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – თქვა მიმინოშვილმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის განაჩენის გამოსაცხადებლად პროცესი 2 სექტემბერს ჩანიშნა.