ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის სანაბკო ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება.
Amnesty წერს:
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე ვიწროვდება. ხელისუფლებამ 7 ორგანიზაციას ანგარიშები გაუყინა და „საბოტაჟის” შესახებ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო ბრალდებით, თითქოს მათ დემონსტრანტებისთვის დამცავი საშუალებების ყიდვა დააფინანსეს.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამას შესაძლოა NGO-ების ხელმძღვანელების დაპატიმრება მოჰყვეს.
დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის „საბოტაჟის მომწყობების” იარლიყის მიკერებით ხელისუფლება ხელს უშლის მათ საქმიანობას, სხვებს კი, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავენ, მსუსხავი ეფექტის სიგნალს უგზავნის.
ადამინის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების მუშაობისთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავად არღვევს თავისი მოსახლეობის უფლებების. ადამიანის უფლებების შეზღუდვა უნდა დასრულდეს”.
27 აგვისტოს ქართული ოცნების” პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების”, „საფარის” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ანგარიშები.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაყადაღება მოხდა იმ სისხლის სამართლის გამოძების ფარგლებში, რომლებიც მათ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს და რომელიც „საბოტაჟს ეხება”.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს”.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.