15 აგვისტოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თევდორე აბრამოვი წარდგენილ ბრალში – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა – გაამართლა.
აბრამოვი ამბობდა, რომ ნარკოტიკი მას არ ეკუთვნოდა და რომ ის პოლიციელებმა „ჩაუდეს” აქციებში მონაწილეობის გამო.
აბრამოვის განაჩენს წინ უსწრებდა გიორგი ახობაძის გამამართელებელი განაჩენი. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი განაჩენის დასაბუთებაში წერდა, რომ სასამართლო არ იზიარებს ვერსიას, რომ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
განაჩენში სასამართლომ შეაფასა, რამდენად იყო შესაძლებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვება და უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულების მოპოვება ობიექტურად შესაძლებელი იყო, ვინაიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება არ მოითხოვდა იმგვარი გადაუდებელი აუცილებლობით მოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა უფლებამოსილი პირის შესაძლებლობას ჩხრეკამდე მომზადებულიყო, აღჭურვილიყო შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ჩხრეკის განხორციელება ვიდეოგადაღებით უზრუნველეყო.
ვნახოთ, როგორ ასაბუთებს მიღებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი. მის მიერ მიმოხილული საკითხები პირობითად შეიძლება სამ ქვეთავად დავყოთ – პოლიციელთა ჩვენებების შეფასება, ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების საკითხი და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
პოლიციელთა ჩვენებების შეფასება
თამარ მჭედლიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თევდორე აბრამოვის საქმეზე დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებების შეფასებას.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმე-პოლიციელთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მოსამართლე ცდილობს ახსნას, რატომ არაა გონივრული მოლოდინი ის, რომ მოწმეთა ჩვენებები იდენტური უნდა იყოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თევდორე აბრამოვის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს.
„სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა (გიორგი თევდორაშვილის, ბექა წოწკოლაურის, გიორგი ქაჩლიშვილის, ემილ მუსაევის, ირაკლი გახარიას) მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია თავის მხრივ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებდა მათ მიკერძოებასა და პირად დაინტერესებაზე ბრალდებულ თევდორე აბრამოვის საწინააღმდეგოდ.
დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით მიუთითებდა გარკვეულ წინააღმდეგობებზე, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო განმარტავს, რომ ყველა მოწმის ჩვენება აბსოლუტურად იდენტური ვერ იქნება, თუმცა მტკიცებულებები, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს განაჩენი, ურთიერთშესაბამისი უნდა იყოს ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
დაცვის მხარის მოსაზრებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებებში არსებობს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების სანდოობას დადასტურების თვალსაზრისით წინააღმდეგობები, რომელიც მათ ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავდა, არ გამოვლენილა”, – ვკითხულობთ განაჩენში.
მეტიც, თამარ მჭედლიშვილი წერს იმასაც, რომ ჩვენებების იდენტურობა წარმოშობს საფუძლიან ეჭვს მათ მიმართ.
„საქმე ისაა, რომ” – წერს ის – „ყველა ადამიანი, მათ შორის მოწმეც, ინდივიდს წარმოადგენს, რომელიც თავისებურად, სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს, იმახსოვრებს და გადმოსცემს ერთი იმავე მოვლენის ამსახველ ინფორმაციას, რაზედაც გავლენას ახდენს როგორც სუბიექტური ფაქტორები, ისე – გარე ობიექტური გარემოებები, ანუ მოვლენის ადეკვატური აღქმისათვის საჭირო პირობები და სხვა, მაგალითად, როგორიცაა დროის ხანგრძლივობა მომხდარ შემთხვევასა და ჩვენების მიცემის მომენტს შორის, ადგილი საიდანაც უხდებოდა პირს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების დანახვა, მოწმის ასაკი და სხვა”, – ვკითხულობთ განაჩენში.
სასამართლოს მიაჩნია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა მიერ მითითებული თევდორე აბრამოვის პირადი ჩხრეკის დროს განვითარებულ მოვლენათა და იქ მყოფი პირების მოქმედებათა აღწერა მხოლოდ მცირედით განსხვავდება ერთმანეთისაგან.
„შეუძლებელია, მოწმის ჩვენება, ანდა მოწმეთა ჩვენებები ყველა დეტალში იყოს ერთმნეთთან სრულად თავსებადი. მნიშვნელოვანია, რომ მათი შინაარსი თანხვერაში იყოს საქმის იმ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებთან, რომლებიც მტკიცების საგანს წარმოადგენს და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, ან პირიქით – პირის უდანაშაულოდ ცნობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები არის დამაჯერებელი და დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და სასამართლოს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გამოვლენილა. მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს არსებით წინააღმდეგობებს და უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს მათ მონათხრობში, კონკრეტულ ადგილზე მისვლის, დროის, შეხვედრის დეტალებთან მიმართებით, ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას”, – წერს ის.
ვიდეოგადაღება, ნეიტრალური მტკიცებულებები
თამარ მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები შეფასებულ იქნა როგორც თანმიმდევრული და დამაჯერებელი და გამოირიცხა ეჭვი მათ სანდოობასთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ქმნის მხოლოდ მოწმე პოლიციელთა ჩვენებები, სხვა ნეიტრალური მტკიცებულების გარეშე, გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
მისი თქმით, უნდა შეფასდეს, ობიექტურად იყო თუ არა შესაძლებლობა, მოცემულ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მოეპოვებინათ თევდორე აბრამოვის პირადი ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებები.
ამ ნაწილში, მოსამართლე აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა თავადაც დაადასტურეს, რომ იყო მომენტები, როდესაც თევდორე აბრამოვი იყო მშვიდად. მჭედლიშვილს მიაჩნია, რომ ამ დროს პოლიციელებს ჰქონდათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა და იმ საგამოძიებო მოქმედებების ფიქსაცია, რაც იმ მომენტში ხდებოდა.
„სასამართლოს მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედების დაწყების მომენტში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობისას (მოწმეთა ჩვენებებით, თევდორე აბრამოვი იყო მშვიდად და ეცნობოდა აღნიშნულ დადგენილებას), სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ყველა ზომა სხვა ნეიტრალური მტკიცებულების მოსაპოვებლად და ეწარმოებინათ (მცირე დროით მაინც) ვიდეოგადაღება.
კერძოდ, გადაეღოთ თევდორე აბრამოვის მშვიდად ყოფნის პერიოდში, საგამოძიებო მოქმედების დაწყების მომენტი მაინც ან თუნდაც ნივთიერების ამოღების შემდეგ, როდესაც ბრალდებული, როგორც პოლიციის თანამშრომლები განმარტავდნენ, დაწყნარდა, ჩხრეკის შედგენის და ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის მომენტი”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ, გადაეღოთ ამოღებული ობიექტების დალუქვის პროცესი, დაეფიქსირებინათ ის ფაქტი, რომ ამოღებული ობიექტები ნამდვილად ადგილზე იქნა დალუქული და მონაწილე პირების მიერ, მათ შორის ბრალდებულის მიერ ნამდვილად შესრულდა ლუქზე ხელმოწერები.
„მხოლოდ ის არგუმენტი, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარებისას ვიდეოგადაღების განხორციელება იყო შეუძლებელი, მაშინ როდესაც პოლიციის თანამშრომლები თავადვე ადასტურებენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თევდორე აბრამოვი იყო მშვიდად, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სავალდებულო სტანდარტით მტკიცებულებათა შეფასებას”, – ვკითხულობთ განაჩენში.
მჭედლიშვილი წერს, რომ აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ თევდორე აბრამოვი უარყოფს იმ პაკეტზე ხელისმოწერის ფაქტს, რომელშიც დალუქული იყო ამოღებული ნარკოტიკული საშულება და უთითებს მისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე.
ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები
რაც შეეხება საქმეში არსებულ ბრალდებისა და დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნებს, სასამართლო ამ შემთხვევაშიც აღნიშნავს, რომ ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა ამ გარემოების ირგვლივ ეჭვის გასაქარწყლებლადაც აუცილებელი იყო.
ბიოლოგიური ექსტერტიზის დასკვნით, საქმეში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე თევდორე აბრამოვის დნმ აღმოჩნდა, თუმცა, დაცვის მხარე ამბობს, რომ მასზე ბიოლოგიური ნიმუში – ნერწყვი – ხელოვნურად დაიტანეს.
„ამდენად, როდესაც საქმეში არ მოიპოვება პირადი ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი ნეიტრალური მტკიცებულება და დაცვის მხარე სადავოდ მიიჩნევს გენეტიკური პროფილის არსებობას შესაფუთ მასალაზე, მხოლოდ ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნა სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა პირის ბრალეულობის დამადასტურებელ ნეიტრალურ მტკიცებულებად…
…იმ მოცემულობით, როდესაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტის დასკვნით დადასტურდა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალიდან გაკეთებული ანაწმენდი შეიცავს ადამიანის ნერწყვს, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტით დასკვნით დადასტურდა, რომ შესაფუთ მასალაზე აღმოჩნდა შერეული გენეტიკური პროფილი და დაცვის მხარე ავითარებს ვერსიას, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ გააჩნდა, წარმოიშვა ეჭვი, რომელიც საჭიროებს დამატებით სხვა ნეიტრალური მტკიცებულების არსებობას, გარდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებისა და სადავო პირადი ჩხრეკის ოქმისა. სწორედ ამ სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით უნდა დადასტურებულიყო პოლიციელთა ჩვენებების და პირადი ჩხრეკის სანდოობა”, – წერს ის.
ამდენად, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ გააქარწყლა სასამართლოს ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, თევდორე აბრამოვის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
რომ შევაჯამოთ, ორივე შემთხვევაში, როგორც ახობაძის, ასევე თევდორე აბრამოვის განაჩენში სასამართლო ცდილობს, გააქარწყლოს დაცვის მხარის არგუმენტები პოლიციელთა მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებებსა თუ მათ მიერ ნარკოტიკის ჩადებასთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება – ვიდეოგადაღების სახით, შესაძლებელი იყო.
ხოლო იმის გამო, რომ პოლიციელებმა ნეიტრალური მტკიცებულებით არ გაამყარეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლო მიიჩნევს, რომ უტყუარად არ დადასტურდა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობა და ეს გახდა გამამართლებელი განაჩენის საფუძველი.