სანამ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდა, ჩეჩინმა საბოლოო სიტყვა თქვა.
„ორი ადამიანი უკვე გაამართლეს. ორ პროკურორს აბარია [ნარკოდანაშაულის] ყველა საქმე.
28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული. იმედი მქონდა, რომ ამ დღეს თავისუფალი ვიქნებოდი. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.
9 თვის განმავლობაში ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.
საქართველოს მთავრობას ჰქონდა მოტივი, რომ ჩემი თავისუფლება შეეზღუდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ზეწოლა რუსეთიდან მოდის, რამაც შეიძლება მეტი პრობლემაც შექმნას. იმიტომ, რომ საქართველოს მმართველი პარტია არასახარბიელო მდგომარეობაშია. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ხალხს რეპრესიებით გაუსწორდნენ, რასაც მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა და ნარკოტიკების ჩადება. ასეთი პრაქტიკა ძალიან გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც და სამწუხაროდ, ეს ხდება საქართველოშიც.
მე ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ არა მხოლოდ დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა და მემხილებინა ისინი, ვინც ნარკოტიკი ჩამიდო – 20 ქვეყნის საელჩოში გავგზავნე წერილი, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ჟურნალისტებთან, სახალხო დამცველთან, რომ დამხმარებოდნენ. მივმართე ევროპულ სასამართლოსაც.
იმ შემთხვევაში, თუ გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, გავაგრძელებ ბრძოლას.
ციხეში ჩემი უფლებები ირღვევა.
სპეციალურ საგამოძიებო უწყებაშიც იყო რამდენიმე საჩივარი, რომლებიც არ გამოძიებულა. პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ არის განწყობილი, არა იმიტომ, რომ ბრალდებული ვარ, არამედ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.
ჩემს დაკავებას შეიძლება დავარქვათ პოლიციური განუკითხაობა. პოლიციის მოქმედება იყო არაკანონიერი. ჯიბიდან ამომიღეს ნარკოტიკი, რომელსაც პირველად ვხედავდი. მე არ ვიყავი ნარკოტიკებთან არანაირ კავშირში. პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომელიც არ იყო საჭირო – ეს იყო ჩემი დამცირებისა და შეშინებისთვის.
არსებობს რაღაც კავშირი ქრისტიანობასა და პოლიტიკას შორის. იყო ქრისტიანი, ნიშნავს, რომ მარტო სიკეთეზე კი არ ფიქრობდე, ილოცო და ეკლესიაში იარო, არამედ უნდა იმოქმედო, იბრძოლო ბოროტების წინააღმდეგ.
მე დავინახე, რომ ბოროტება მხოლოდ ჩემს ქვეყანას კი არ ემუქრებოდა განადგურებით, არამედ სხვა ქვეყნებსაც. ერთ-ერთი არის საქართველო. პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მე დავიბადე, წარმოადგენდა საფრთხეს მთელი მსოფლიოსთვის. არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა, რას აკეთებდა საბჭოთა რეჟიმი, ასევე პუტინის რეჟიმი ჩემს სამშობლოში. ეს ბოროტება მოქმედებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. სისხლის მდინარეებს უშვებდა მთელ მსოფლიოში.
ჩემი ქრისტიანული ვალი იყო, დამეცვა ყველა, ვინც შეიძლება, დაშავებულიყო ამის გამო. მათ შორის, მებრძოლა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ და მისი დამოუკიდებლობისთვის.
მე ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. მე ვიბრძოდი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, რომ ძალოვანი სტრუქტურა და სახელმწიფო ორგანოები მუშაობდნენ მოქალაქეების სასარგებლოდ, ტოტალიტარული მმართველობის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ჩემ წინააღმდეგ იყო ძალიან ბნელი ძალა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის იმპერიასა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ წყობასთან.
მე დარწმუნებული ვარ, […] აუცილებლად გაიმარჯვებს”.