წულუკიანი: ჩორჩანაში ხომ არ ჰქონდა ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას? 

პუბლიკა

თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარმოადგინა და ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით დასვა კითხვა, ხომ არ იყო ეს „ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობა, 2008 წლის მსგავსად”.

წულუკიანი ამბობს, რომ მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დაირღვა 2013 წელს, შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის მიერ დადგენილი ფაქტები ერთობლიობაში აჩენს არაერთ ლეგიტიმურ კითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჰქონდა კვლავაც ადგილი საქართველოში ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს”. – თქვა თეა წულუკიანმა.

მან ასევე ახსენა კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც 2019 წლის აგვისტოში, როცა ჩორჩანაში ქართული საგუშაგო აღიმართა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. სუსს ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.

„რა როლს ასრულებდა მოვლენების განვითარებაში კახაბერ ქემოკლიძე? ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და არაერთი წლის განმავლობაში ასრულებდა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის ფუნქციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე”. — თქვა თეა წულუკიანმა.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, საგუშაგო განათავსა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, წნელისის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. სუს-მა საოკუპაციო ძალის ეს ქმედება პროვოკაციად შეაფასა.

2019 წლის 29 აგვისტოს საოკუოაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა, ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოსთხოვა და ულტიმატუმი წარადგინა, რომ თუ ქართული მხარე დილის 6 საათამდე “სოფელ წნელისში პოლიციის საგუშაგოს არ აიღებდა, ისინი კანონის ფარგლებში მოიქცეოდნენ”.

29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე  საქართველოს დელეგაციამ განაცხადა, რომ პოსტი საქართველოს ტერიტორიაზეა განთავსებული, ამავე დროს, მათ არ შეუძლიათ წარუდგინონ რაიმე დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლების უსაფუძვლო განცხადებებს.

შესაბამისად, ქართულმა მხარემ ულტიმატუმი არ შეასრულა, საგუშაგო არ აიღო და მისი გამაგრება გააგრძელა.

მთელი ღამის განმავლობაში ჩორჩანასთან გრძელდებოდა საგუშაგო კოშკის მშენებლობა და გამაგრება, ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მაშინ, 2019 წლის 30 აგვისტოს სუს-ის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ „ამას დრამატულად არ შეხედავდა – ეს არის ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენ ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად, წყნარად დარეგულირება”.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, კახა ქემოკლიძის თქმით, ის პირადად სხვა დროსაც შესწრებია მსგავსი ტიპის საუბრებს ერგნეთის შეხვედრაზე.

2019 წლის 30 აგვისტოს ბიბილოვის ხელისუფლებამ წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა. რეგიონის ყოფილმა ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ახალგორი ჩაკეტა, ჩორჩანის ტყეში კი ოკუპირებული წნელისიდან ე.წ უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყეში გზა გაიყვანა და იქ ორი საგუშაგო მოაწყო.

პროკურატურამ ჩორჩანის საგუშაგოს საკითხზე გამოჰკითხა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. უფრო ადრე უწყებაში დაბარებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი,  ასევე, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო თავდაცვის ძალების ყოლფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია.

მხოლოდ მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმირებული იყო.

თავად გიორგი გახარია წულუკიანის კომისიამ ორჯერ გამოჰკითხა, მათგან ერთხელ მხოლოდ ჩორჩანის საკითხზე.

გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა”.