„ქართული ოცნების“ პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიის 460-გვერდიანი დასკვნა წარადგინა.
2008 წლის ომთან დაკავშირებით წულუკიანმა თქვა:
„საკუთრივ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ფაქტები და ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური თანამდებობის მქონე ორმა პირმა – თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და შსს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, რომლებსაც არავითარი სამხედრო გამოცდილება არ გააჩნდათ, 2008 წლის 6 აგვისტოს უარყვეს პროფესიონალი სამხედროების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში წარმოებულ სამხედრო, ოპერატიულ, დაზვერვით და სხვა სახის მოსამზადებელ სამუშაოებს ეფუძნებოდა.
სამხედრო პირთა მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ სამხედრო გეგმაში პოლიტიკოსების მიერ შეტანილი ცვლილებების მიზანშეწონილობა და ამ ცვლილებების შესაბამისად გატარებული ქმედებები მრავალ კითხვას აჩენს და საჭიროებს თავდაცვის სისტემის წარმომადგენელთა დამატებით ანალიზს.
საგამოძიებო კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ცნობებიდან – გენერალი გოგავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი ბალახაძე შს მინისტრ მოადგილე შალვა ჯანაშვილი, სამხედრო ექიმი ლაშა ქოიავა და სხვები – და ამ პირთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს.
ამასთან, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ზემოხსენებული პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, ძირითად მიმართულებაზე, ანუ ცხინვალზე სამხედრო ამოცანის შესრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რამაც თავდაცვის ძალებში დეზორიენტაცია, სამოქალაქო მოსახლეობაში კი გაურკვევლობა და დაუცველობა გამოიწვია.
საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საბოლოოდ დადგინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, სულ ცოტა, 2008 ივლისის ბოლოდან იცოდა, რომ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულზე იყო. რასაკვირველია, მან თავისი გეგმების შესახებაც ყველაზე უკეთ უწყოდა, მაგრამ არავითარი ზომა არ მიუღია საიმისოდ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი არეალიდან გამოეყვანა.
უფრო მეტიც, როგორც საგამოძიებო კომისიის წინაშე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, მოსახლეობის დროული ევაკუაცია რეჟიმის მიზანს არ წარმოადგენდა.
მოგვიანებით ენმ-ის დეპუტატებმა: გიორგი კანდელაკმა, დავით დარჩიაშვილმა, გიორგი გაბაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა, ასევე, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ ხმა მისცეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ნომერ 1633 რეზოლუციას, რითაც 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვა აღიარეს და საკუთარი ქვეყნის ჯარი ომის შესაძლო დანაშაულში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს”.