საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ანტონ ჩეჩინის საქმეს და განაჩენს ეხმაურება და აცხადებს, რომ ითხოვს როგორც ჩეჩინის, ისე – სხვა მსჯავრდებულების საქმის ხელახალ განხილვას და სამართლიან სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – მათ გათავისუფლებას.
დენის კრივოშეევმა განაცხადა:
„ანტონ ჩეჩინი ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები ჩაუდო. ანტონმა გაგვიზიარა დაკავების დეტალები: არაერთი ჩხრეკა მოწმეების და სამკერდე კამერების ჩართვის გარეშე; როგორ წაართვეს მისი ქურთუკი და როდესაც დააბრუნეს, მასში ნარკოტიკები „იპოვეს“ – უკვე თარჯიმნის თანდასწრებით, რომელიც შემდგომში ბრალდების მხარემ მოწმედ დაარეგისტრირა. სასამართლომ წარმოშობილი ეჭვები ბრალდების მხარის სასარგებლოდ გადაჭრა.
იგივე ხდებოდა საქართველოში სხვა მომიტინგეების საქმეშიც, რომლებიც ნარკოდანაშაულის მუხლებით არიან დევნილები.
ნარკოდანაშაულში ბრალდებით გასამართლებული ყველა მომიტინგე უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს.
თუმცა, სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მხოლოდ ორი მათგანი გაამართლა. ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდებული პირისთვის ჩვენ ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას და სამართლიან სასამართლო პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
მათი სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ჩართული პოლიციელები, გამომძიებლები და პროკურორები დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებარონ სრულ გამოძიებას შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით.
ზოგიერთი ამ ოფიცრის სახელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი.
შეიძლება, რომ დამთხვევა იყოს ის, რომ ისინი აქტივისტების წინააღმდეგ სხვადასხვა „ნარკოდანაშაულთან“ დაკავშირებულ საქმეებში ფიგურირებენ? ამ საქმეების დეტალები იგივე სქემას მიჰყვება: აქციის მონაწილეს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე აკავებენ, პოლიცია ჩხრეკს გამორთული კამერებით და სხვა დარღვევებით, რის შემდეგაც ნარკოტიკებს „აღმოაჩენენ“ და სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას – ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, სისხლის სამართლის შეთითხნილი საქმეების შესახებ ცნობებთან დაკავშირებით”.
Amnesty International ხაზს უსვამს, რომ ანტონ ჩეჩინის სასჯელი ყველაზე მაღალია მათ შორის, ვინც თითქმის 11 თვის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობის დროს დააკავეს.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ „2024 წლის დეკემბრის შემდეგ საქართველოში ნარკოტიკების შენახვის ან გავრცელების ბრალდებით 6 მომიტინგე დააკავეს, მათ შორის რუსეთის სამი მოქალაქე, ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ყველა მათგანი აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და სისხლის სამართლის საქმეებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს”.
საპროტესტო აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანტონ ჩეჩინს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩეჩინს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობაში ედებოდა ბრალი. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი აქციებში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.