ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РЕС წერს, რომ „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე”.
„2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, თბილისში ითქვა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ელოდნენ.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამომძიებელი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა 460-გვერდიანი ანგარიში წარადგინა, რომელიც ეჭვს არ ტოვებს: სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიული ომი გააჩაღა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”. – ვკთხულობთ РЕС-ზე.
ოკუპირებული ცხინვალის რეგონის სააგენტო ასევე აღნიშნავს თეა წულუკიანის პროფესიულ გამოცდილებას.
„თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წელს, გამოცდილი იურისტი, მან მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში მიიღო სტრასბურგის (საფრანგეთი) ადმინისტრირების ეროვნული სკოლაში. მუშაობდა სარტის დეპარტამენტის პრეფექტის (დასავლეთ საფრანგეთი) ოფისში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ა.შ. 2010 წლის თებერვალში მან დატოვა სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც იყო იუსტიციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე იყო ვიცე-პრემიერი და ა.შ.”
ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ამბობს, რომ „წულუკიანის კომისიისთვის საინტერესო პირებთან საუბარი წარიმართა მკაცრად, თუ არა – სასტიკად”.
ამასთან, РЕС-ს მოჰყავს ციტატები კომისიის დასკვნიდან და წერს, რომ დოკუმენტის მიხედვით „სააკაშვილს გარე ძალების დახმარების იმედი ჰქონდა და რომ პოლიტიკოსებმა 2008 წელს ომში ჩაითრიეს ქართული არმია”.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ხაზს უსვამს, რომ წულუკიანის კომისიის ანგარიშში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის ბარბაროსულ დაბომბვას, რამაც საფუძელი დაუდო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას”.
„მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს PACE-ს №1633 რეზოლუციას, ასევე აღიარეს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე, რითაც ირიბად აღიარეს ქალაქის დაბომბვის ფაქტი და შეეცადნენ, შესაძლო ომის დანაშაულებში პასუხისმგებლობა საკუთარ არმიაზე გადაეტანათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ანგარიში არის ოფიციალური და საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პოზიციის სიმართლეს. ის ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია იყო ერთადერთი შესაძლო პასუხი საქართველოს რეჟიმის მზაკვრულ აგრესიაზე, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივი განადგურება იყო”. – წერს ოკუპირებული რეგიონის პროპაგანდისტული მედია.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში შეიქმნა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია“. მას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. კომისიაზე ილაპარაკეს 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც. 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში კი ნათქვამია, რომ „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.