ექსპერტების დაკითხვას არ ვეწინააღმდეგებით, დასკვნა უნდა იქნას ცნობილი უკანონოდ - ნინო დათაშვილის ადვოკატები

პუბლიკა

8 სექტემბერს ნინო დათაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი იტყვის, ცნო თუ არა დასაშვებად ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ საქმეს მტკიცებულებად დაერთოს ნინო დათაშვილისთვის ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და გამოსაკითხთა სიას დაემატოს ორი ექსპერტი – დავით მაღრაძე და თამარ ნიკოლოზიშვილი.

შუამდგომლობა ბრალდების მხარემ წინა სხდომაზე 21 აგვისტოს დააყენა. როგორც ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს სასამართლოზე, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია წერია ნინო დათაშვილის ინტერესების საწინააღმდეგო, არ ეთანხმებიან დასკვნის საქმისთვის დართვას, რადგან ექსპერტიზა კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით დაინიშნა და იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„21 აგვისტოს პროცესის დიდი ნაწილი წაიღო იმაზე მსჯელობამ, უნდა ყოფილიყო თუ არა დასაშვები კანონის დარღვევით მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით, ნინოს არც შეურაცხადობა და არც შეზღუდული შერაცხადობა არ აღენიშნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს დასკვნა კანონდარღვევით მოიპოვეს – ექსპერტიზა ნინოს მისი ინფორმირების გარეშე ჩაუტარდა. დავით მაღრაძე ჩუმად შეიპარა ნინო დათაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში და არც კი უთხრეს, რომ იმ წუთას უტარებდნენ ექსპერტიზას, შესაბამისად, ამ დასკვნას მტკიცებულებითი ღირებულება და იურიდიული ძალა არ გააჩნია.“ – ამბობს თამარ გაბოძე, ნინო დათაშვილის იურისტი.

იურისტები სადავოდ ხდიან ნინო დათაშვილის საქმეში ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნის საკითხს. 2 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ, 2019 წელს გამოცემული ფორმა 100-ის საფუძველზე, რომელიც ნინო დათაშვილის ხერხემალთან დაკავშირებულ ჩივილებს ეხებოდა, სასამართლოს სტაციონარული ფსიქიატირული ექსპერტიზის მოთხოვნით მიმართა.

მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. ნინო დათაშვილისა და მისი ინტერსების დამცველთა შეფასებით, პროკურორმა სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზა კანონით დადგენილი კრიტერიუმების უგულებელყოფით მოითხოვა. მხარემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელაციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის მიუხედავად, 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნინო დათაშვილს სტაციონარში გადაყვანის ნაცვლად, ექსპერტიზა ჩაუტარდა პენიტენციურ დაწესებულებაში – მასთან გასაუბრებისთვის შესული იყო ექსპრეტი დავით მაღრაძე.

„ასევე შესაფასებელია პროკურორის მოქმედებები, მათ შორის ის, რომ პროკურორს განჩინება ჰქონდა სტაციონირებასთან დაკავშირებით და შემდეგ თვითნებურად შეცვალა ის. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების შეცვლა შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს, პროკურორმა კი პირადი ინიციატივით შეიტანა ცვლილება სასამართლოს განჩინებაში.

პროკურორს ჰქონდა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეთავსებინათ და ამის მიუხედავად, გადაწყვიტა მისი არა სტაციონარში გადაყვანა, არამედ ამბულატორიული ექსპერტიზის ჩატარება. ერთი მხრივ, ეს არის შესაფასებელი, რა უფლებამოსილება ჰქონდა პროკურორს, რომ შეეცვალა სასამართლოს განჩინება და მეორე მხრივ, ექსპერტიზა ამბულატორიულად ვერ მიიჩნევა, რადგან ნინოს არ ჰქონდა ამ სივრცის დატოვების შესაძლებლობა. ამბულატორიულია მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია, თავისი ნებით მივიდეს კლინიკაში და თავისივე ფეხით დატოვებს მას. მაშინ, როცა ადამიანი დახურულ დაწესებულებაშია, თავისუფლებაშეზღუდული, ჯერ ამიტომ ვერ იქნებოდა ამბულატორიული და მეორე ის, რომ ნინოს თანხმობა არ არსებობდა და უკანონოს ხდის ექსპერტიზას.“ – ამბობს თამარ გაბოძე.

მისივე თქმით, ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამბულატორიულ ექსპერტიზაზე შესული ექსპერტების სასამართლოზე დაკითხვას.

„ჩვენ არ გვაქვს წინააღმდეგობა, რომ დაიკითხონ ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები, პირიქით, ჩვენ გვაქვს კითხვები მათთან, რა უფლებამოსილებით ჩაატარეს ადვოკატების გვერდის ავლით, მალულად ექსპერტიზა. მოვითხოვთ, რომ დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასკვნა, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული.“

თამარ გაბოძის თქმით, მათ გენერალურ ინსპექციას მიმართეს პროკურორის, მედეა ცირამუას უფლებამოსილების გადამეტების საკითხის შესწავლის მოთხოვნით. გაგზავნილია ორი წერილი.

„პირველი წერილი ეხებოდა იმას, რომ მან განზრახ არასწორი ინფორმაცია შეიტანა დადგენილებაში ნინოს ჯანმრთელობაზე.

დადგენილებაში ეწერა, რომ ნინო დათაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. რაც ფორმა 100-ში არ ეწერა, ის შეიტანა დადგენილებაში. ფორმა 100-ში არსად არ ეწერა, რომ ნინო დათაშვილს ჰქონდა ფსიქიკური აშლილობა. ეს ჩაწერეს დადგენილებაში და ეს არ ყოფილა ტექნიკური შეცდომა. ამიტომ განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის გამო, პროკურორის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავგზავნეთ განცხადება და დამატებით კიდევ ერთი წერილი, როცა გავიგეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში პროკურატურამ თვითნებურად შეიტანა ცვლილებები.

პროკურატურამ განმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური ნაწილი და მხოლოდ ტექნიკურად შეიცვალა. ეს ტექნიკური ამბავი კი არა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და ჩემი შეფასებით, პროკურორის უფლებამოსილების საკითხი შესასწავლია.“

სამოქალაქო აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა.

აქტივისტსა და პედაგოგს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული ნორმა სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დაცვის მხარე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობენ, ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

„პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებებით დასტურდება, რომ ინციდენტამდე მანდატურის თანამშრომლები რამდენჯერმე ფიზიკურად ეხებიან ნინოს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ ამის უფლება. ვიდეოში ჩანს, რომ ისინი იყენებენ ფიზიკურ ძალას ნინოს წინააღმდეგ და ბოლოს, ე.წ. დაზარალებული მანდატურის სამსახურის თანამშრომელი, სწრაფად და ძლიერად ესხმის თავს ნინოს, რა დროსაც ნინო აღმოჩნდება თავდაცვის რეჟიმში.“ – ამბობს თამარ გაბოძე.