28 მარტს რუსთაველის გამზირზე შსს-ს ავტომობილის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„პუბლიკის” ინფორმაციით, განაჩენი 4 ივნისს გამოცხადდა. მოსამართლე მაია ქოქიაშვილი იყო.
საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდაოდ იყო ცნობილი, ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა. განაჩენის ამ ვადაში გამოცხადება სწორედ ამან განაპირობა. ბრალდებულმა წინასასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა ბრალად წარდგენილი ქმედებისთვის და ისაუბრა იმაზე, თუ რა ვითარებაში დააზიანა პოლიციის მანქანა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებდა.