შსს ამბობს, რომ გათავისუფლდა პირი, რომელსაც ბესიკის ქუჩაზე აქციის მონაწილეებთან დაპირისპირების დროს იარაღი ამოიღო.
„იარაღი, რომელიც მას ჰქონდა, ექსპერტიზის თანახმად, არ აღმოჩნდა ცეცხლსასროლი და ამის საფუძველზე გათავისუფლდა”. – აცხადებს უწყება.
საქმე ეხება 15 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს – საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარშის მონაწილეების თქმით, მათ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიც ამოიღო. იარაღის წართმევა მისთვის ლევან ჯობავამ შეძლო.
მომხდარზე ლევან ჯობავას საათზე მეტხანს კითხავდნენ კაფეში, სადაც ადვოკატს რამდენიმე წუთის განმავლობაში არ უშვებდნენ.
16 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი, დავით გრძელიძე, რომელსაც სავარაუდოდ პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა.
ლევან ჯობავა შსს-მ 18 სექტემბერსაც გამოჰკითხა და როგორც თქვა, დაუსვეს „მაპროვოცირებელი შეკითხვები“.
ჯობავას ადვოკატი, მარიამ ჯიქია „პუბლიკას” ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, გრძელიძე 48 საათითაც არ ყოფილა დაკავებული და მისთვის არც ბრალი არ წარუდგენიათ.
„გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც, დიდი ალბათობით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს ძველი თბილისის რაიონულ განყოფილებაში ძალადობის მუხლით. ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული შეკითხვების ნაწილში გუშინდელი მოტივაცია გასაგები ხდება.
გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმის ფარგლებში ისევ დაგვიბარებენ”. – ამბობს ადვოკატი.