„გახარია საქართველოსთვის“: „რუსთავი 2" ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის” პასუხობს „რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ბაკურ ბაკურაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, არხი არ გააშუქებს პარტიის არც ერთ აქტივობას, სანამ ანა ბუჩუკური ნინო შუბლაძის მიმართ განცხადებაზე ბოდიშს არ მოიხდის.

პარტია ამბობს, რომ არხის ეს პოლიტიკა მათ „უზღუდავს შესაძლებლობას, ესაუბროს ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები”.

პარტიის განცხადებით, „რუსთავი 2-ს” უკვე 4 წელია, ისინი ისედაც დაბლოკილი ჰყავთ პირდაპირ ეთერში მაშინ, როცა აშუქებენ „ნაციონალური მოძრაობის აქტივობებს”.

„რუსთავი 2“ წლების განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ბლოკავს ჩვენი პარტიის სხვა წევრებსაც, არ აშუქებს პარტიის საქმიანობას, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში, განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების წინ, ის სისტემატურად და თითქმის ყოველდღიურად იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და აშუქებს მათ აქტივობებს.

ეს იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც ამ ტელეკომპანიაში კარგად იცნობენ, რადგან ამ არხის დღევანდელ მენეჯმენტში მყოფი ადამიანების და ჟურნალისტების ნაწილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელისუფლებო რეჟიმს ემსახურებოდნენ და დღეს საკუთარი წარსულის დამალვას ცდილობენ მოქმედი რეჟიმის აგრესიული მსახურებით, რისი შეხსენებაც ხშირად ისტერიას იწვევს.

ტელეკომპანია „იმედისა“ და POS TV-სგან განსხვავებით, რომლებიც ღიად ატარებენ პროსამთავრობო პროპაგანდულ სარედაქციო პოლიტიკას, „რუსთავი 2“ გუშინდლამდე ცდილობდა, მოქალაქეების თვალში თავი ობიექტურ მედიასაშუალებად გაესაღებინა”. – აცხადებს გახარიას პარტია.

„გახარია საქართველოსთვის” დასძენს, რომ „რუსთავი 2-ს” მსგავსი განცხადება არც ერთი სხვა პარტიის, მათ შორის, არც „ენმ-ის” მიმართ არ გაუვრცელებია.

„აღნიშნული ნათლად აჩვენებს რეჟიმის პროპაგანდის ინტერესებს, რომლისთვისაც ჩვენი პოლიტიკური პარტიის ღია ეთერში გამოჩენა მათთვის პოლიტიკური საფრთხეების მატარებელია.

ეთერის დაბლოკვის მიზეზად დასახელებულია კომიკური განმარტება, რომელიც ყველა სერიოზული ტელეკომპანიის იმიჯს დააზიანებდა, თუმცა რეჟიმმა „რუსთავი2“ საბოლოოდ TV IMEDI და POS TV-ს კლუბში გააფორმა.

„რუსთავი 2-ის“ ეს პოლიტიკა ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ვესაუბროთ ამომრჩეველს და უარყოფს მათ უფლებას, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები”. – წერია პარტიის განცხადებაში.