„კავკასიური სახლი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი მიიღეს და ბიურო მათგან მოითხოვს „კავკასიურ სახლსა“ და დონორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტების, აღნიშნული კონტრაქტების ეგიდით მომზადებული შრომის ხელშეკრულებებისა და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენას.
ორგანიზაციის შეფასებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების მიზნით შექმნილი კანონების ამოცანა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ არის და „ოცნება“ ცდილობს „შეზღუდოს და შეავიწროვოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ავტორიტარულ ტენდენციებს შეეწინააღმდეგება“.
„22 სექტემბერს, ორშაბათს „კავკასიურმა სახლმაც“ მიიღო სპეციალური წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან. სახელმწიფო უწყება ჩვენგან ითხოვს მრავალი დოკუმენტის გადაგზავნას. ბიუროში უნდა წარვადგინოთ კავკასიურ სახლსა და დონორ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული კონტრაქტები, აღნიშნული კონტრაქტების ეგიდით მომზადებული შრომის ხელშეკრულებები და შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაცია.
„კავკასიური სახლი“ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე ძველი საზოგადოებრივი ინსტიტუტია. 1999 წლიდან გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. არსებობის მრავალი ათეული წლის განმავლობაში არასდროს არაფერი გვქონია დასამალი, აუდიტის დასკვნებს ყოველწლიურად ვასაჯაროებთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უპირობოდ ვემხრობით გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დემოკრატიულ პრინციპებს.
თუმცა, კვლავინდებურად ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგულირების მიზნით შექმნილი კანონების ამოცანა გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არ არის.
ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს და შეავიწროვოს, სამშობლოს მოღალატედ და უცხოეთის აგენტად გამოაცხადოს ყველა ის ჯგუფი, რომელიც საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ავტორიტარულ ტენდენციებს შეეწინააღმდეგება, გააპროტესტებს ყოველდღიურობის ნაწილად ქცეულ ძალადობასა და რეპრესიებს.
ჩვენს გაოცებასა და საშინელი უსამართლობის განცდას იწვევს ისიც, რომ კორუფციაში ჩაფლული ქვეყნის (თავდაცვის სამინისტროს სკანდალი, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის გათეთრების საქმე) ანტიკორუფციული ბიურო თავის დროსა და რესურსებს ხარჯავს „კავკასიური სახლის“ მსგავსი, ხელმოკლე კულტურულ-საგანმანათლებლო, სამშვიდობო და გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ფინანსების მიკროსკოპული სიზუსტით შემოწმებაში.
მოვუწოდებთ „კავკასიური სახლის“ მეგობართა კლუბის წევრებს და ჩვენს გულშემატკივრებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი ჩვენს ორგანიზაციასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის ურთიერთობების განვითარებას.
სამწუხაროდ, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი თანადგომა“, – ნათქვამია განცხადებაში.
22 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელით, დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონების რეპრესიული აღსრულების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წინააღმდეგ.
NGO-ების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 სექტემბერს გამოსცა ბრძანება 9 ორგანიზაციასთან მიმართებით. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა და ორგანიზაციები დაავალდებულა ბიუროს მიაწოდონ საქმიანობასთან დაკავშირებული მოცულობითი ინფორმაცია.
ორგანიზაციების შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს.