ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ბერაია დანიშნეს, გერმანიაში ელჩად - კარტოზია

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა, ხოლო გერმანიაში საქართველოს ელჩად – ალექსანდრე კარტოზია.

უწყების გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბერაია სხვადასხვა დროს იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს.

„წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია  ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა“, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება ალექსანდრე კარტოზიას, ის 1998-2004 წლებში განათლების მინისტრი იყო, 1997-1998 წლებში კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.

„ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში. 2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.