აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე დაცვის მხარეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განაჩენის დასაბუთებული ნაწილი ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლიდან სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
ძირითადი ასპექტები მჭედლიშვილის განაჩენიდან:
1 – მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ ჯგუფურ მოქმედებას. ორგანიზებად კი მიიჩნია სამივე მათგანის მიმართ საქმეში არსებული ვიდეოები, ცეცხლაძის სახლიდან ამოღებული ნივთები;
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამატებით, რაიმე სახით ჰქონდა თუ არა ადგილი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, მოსამართლე არ მიუთითებს.
2 – მოსამართლე არაფერს წერს იმაზე, რაიმე სახის კავშირი ჰქონდა თუ არა ცეცხლაძეს, კასრაძესა და კაძელაშვილს ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეებთან;
3 – მოსამართლე აღნიშნავს ასევე იმასაც, რომ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს, აუცილებელი არ არის წინასწარ შეკავშირება; რომ სავალდებულო არაა დანაშაულის ამსრულებლებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა.
4 – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილე 5 პირზე კი, მოსამართლის პოზიციით, დანაშაული გამოიხატა შემდეგში – „არ ემორჩილებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა მათი მხრიდან სხვადასხვა საგნების და პიროტექნიკის სროლასა და ბარიკადების მოწყობაში”.
ჯგუფური ძალადობა თუ ჯგუფური მოქმედება? – რა სხვაობას მოეჭიდა მოსამართლე
მჭედლიშვილი განაჩენში მიმოიხილავს მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არსებულ სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს, იზიარებს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალების ავთენტურობას, შემდეგ კი მსჯელობს დანაშაულის კვალიფიკაციაზე – ანუ იმაზე, რატომ გადააკვალიფიცირა ბრალად წარდგენილი მუხლი.
მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ ქმედების სსკ-ის 225-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ძალადობრივი ქმედება, კი რეალურად ან პოტენციურად უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
ხოლო სსკ-ის 226-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის საკმარისია ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით ან მასში მონაწილეობით უხეშად დაირღვეს საზოგადოებრივი წესრიგი ან განხორციელდეს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა ან გამოიწვიოს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება.
„სწორედ ამიტომ, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლი მოითხოვს უფრო „მძიმე“ შემადგენლობას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 226-ე მუხლის შემადგენლობა ხორციელდება ძალადობის და იმ ელემენტების გარეშე რაც ახასიათებს 225-ე მუხლს”, – წერს ის.
„სავალდებულო არ არის წინასწარი შეთანხმება”
დაცვის მხარის ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ 226-ე მუხლიც ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მუხლით პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში დადასტურებული უნდა იყოს ორგანიზებულად ჯგუფური დანაშაულის ჩადენის გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა უნდა გამორიცხულიყო.
9 თვის განმავლობაში დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ვერ მტკიცდება, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ორგანიზებასა და ჯგუფურად მოქმედებას, შეკავშირებას ბარლადებულების მიერ.
სასამართლომ განაჩენში კი მიიჩნია, რომ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულის დროს, აუცილებელი არ არის წინასწარ შეკავშირება, არამედ შესაძლებელია, მისი ჩადენისათვის წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდეს ორი ან მეტი ამსრულებელი ანუ კანონმდებელი მიუთითებს, თუ ვინ არიან დანაშაულის ჩადენაში მონაწილე პირები. ესენი არიან ამსრულებლები. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების ჯგუფურად ჩადენილად კვალიფიკაციისათვის, ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნაწილს მაინც, სულ მცირე, ორი ამსრულებელი უნდა აღასრულებდეს, თუმცა, სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა.
რა დაადგინა და ვერ დაადგინა სასამართლომ ე.წ. ორგანიზატორებზე
ზვიად ცეცხლაძე
სასამართლო იზიარებს ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეოებს, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებასა და მის მიერ შედგენილ ვიდეოების დათვალიერების ოქმებს და „უტყუარად დადასტურებულად” მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ:
„ზვიად ცეცხლაძე აორგანიზებს ჯგუფურ მოქმედებას, მისი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ის საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს და ეუბნება, რომ მათ ასწავლის დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობის გაწევას საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს. ამავე დროს ის ასწავლის აქციის მონაწილეებს ფარების დამზადებას, რაც ცალკე აღებული, ბუნებრივია, არ არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, თუმცა განვითარებული მოვლენების და იმ კონკრეტული ადგილის გათვალისწინებით, სადაც მიმდინარეობს აღნიშნული სწავლება (ვიდეოში ჩანს ზუსტად ადგილი, სადაც ფარის დამზადებას ასწავლის), ცალსახაა, რომ ზვიად ცეცხლაძე საპროტესტო აქციის მონაწილეებს უთითებს ამ გზით ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობასა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაზე. ზვიად ცეცხლაძის განზრახვაზე – ორგანიზება გაეწია ჯგუფური მოქმედებისთვის მეტყველებს მისი სიტყვები და მოწოდებები აქციის მონაწილეების მიმართ „ბრძოლისკენ“, „სახელმწიფო დაუმორჩილებლობისკენ“, ბოიკოტისკენ“ და „წინააღმდეგობისკენ“, – წერს მჭედლიშვილი.
ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი
მსგავსად იზიარებს ვეფხია კასრაძისა და ვასილ კაძელაშვილის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს და მიიჩნევს, რომ ამ ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე — თანმხლებ პირებთან ერთად საუბრობენ და აორგანიზებენ ჯგუფურ მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს რამდენიმე ასეულმა ადამიანმა:
„სასამართლო აფასებს რა ზემოაღნიშნულ ვიდეოჩანაწერებს და განმარტავს, რომ ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებენ ჯგუფურ მოქმედებას, მათი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ორივე მათგანი ადგენს გეგმას, განსაზღვრავს ცალკეულ მოქმედებათა ჩადენის ადგილს, დროს ხერხს, ცალკეულ პირთა განსახორციელებელ ქმედებებს”, – წერს მჭედლიშვილი.
„ვერ დასტურდება, რომ ისინი აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას”
მჭედლიშვილი წერს, რომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ნამდვილად აორგანიზებდნენ ჯგუფურ მოქმედებებს”, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ ისინი აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობას და მათი მიზანი და განზრახვა იყო საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მითუმეტეს გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ფაქტი, საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის მონაწილე პირებს, უშუალოდ საპროტესტო აქციაზე და იმ ადგილზე, სადაც მიმდინარეობდა აქციის მონაწილეების მოქმედებები, აძლევდა მითითებებს ან მოუწოდებდა მათ კონკრეტული ქმედების ჩადენისკენ.
„თუმცა ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერების და აღნიშნულ ჩანაწერებზე ასახული საუბრის შინაარსიდან, ასევე ზვიად ცეცხლაძესთან მიმართებაში მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ისინი აორგანიზებენ ისეთ ჯგუფურ მოქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან.
ზვიად ცეცხლაძის განზრახვაზე – ორგანიზება გაეწია ჯგუფური მოქმედებისთვის, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევასთან და ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, მეტყველებს მისი სიტყვები და მოწოდებები აქციის მონაწილეების მიმართ „ბრძოლისკენ“, „სახელმწიფო დაუმორჩილებლობისკენ“, „ბოიკოტისკენ” და „წინააღმდეგობისკენ“, ხოლო ვასილ კაძელაშვილის და ვეფხია კასრაძის შემთხვევაში აღნიშნულზე მეტყველებს მათი სიტყვები შპრიცით ბენზინის მისხმა, შემდეგ „ბიჩოკის” მიგდება და ცეცხლის წაკიდება, ჯგუფურად დივერსიული ქმედებების მოწყობა, ასევე მათი საუბრის ზოგადი კონტექსტი”, – წერს მჭედლიშვილი.
რას წერს ე.წ. ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეებზე?
მჭედლიშვილი წერს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს როგორც სამართალდამცავების მიერ, ისე აკუსტიკური საშუალების გამოყენებით ხდებოდა მოწოდებები აქციის მონაწილეების მიმართ დაშლისკენ და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისკენ.
„მიუხედავად მოწოდებისა, ბრალდებულები: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ირაკლი მიმინოშვილი და თორნიკე გოშაძე არ ემორჩილებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნებს და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, რაც გამოიხატა მათი მხრიდან სხვადასხვა საგნების და პიროტექნიკის სროლასა და ბარიკადების მოწყობაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბრალდებულების მხრიდან ნასროლი პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ნასროლი იყო თუ არა ადამიანების მიმართულებით და შეუქმნა თუ არა საფრთხე რომელიმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ვერ დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბრალდებულების მიერ პიროტექნიკა და სხვადასხვა საგნები ნასროლი იყო კერძო თუ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ქონების განზრახ დაზიანების მიზნით და მათი ამ მოქმედებების შედეგად მიადგა თუ არა ვინმეს საკუთრებას ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ პიროტექნიკის სადღესასწაულო დღეებში ან თუნდაც კონკრეტული საზეიმო ვითარების აღნიშვნის დროს უსაფრთხოდ სროლა ასევე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ქვის და სხვადასხვა საგნების სროლა არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას, მაგრამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს, იმ დროს როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან ადგილი აქვს გარკვეული სახის აგრესიულ მოქმედებებს, იმ დროს, როდესაც შეკრებილია ხალხი, საპროტესტო აქციის მონაწილეები ჯგუფურად და ორგანიზებულად ისვრიან სხვადასხვა საგნებს, მათ შორის პიროტექნიკას, სამართალდამცავების მხრიდან არსებობს მოწოდებები წესრიგის დაცვისკენ და დაშლისკენ, ასეთ ვითარებაში სხვადასხვა საგნის ჯიუტად სროლა, მათ შორის პიროტექნიკის ჰაერში სროლაც – არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა და ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა და არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება”, – წერს ის.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ დაზიანება (პიროვნების თუ ქონების) გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ზვიად ცეცხლამის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით და მეორე მხრივ, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის და ირაკლი მიმინოშვილის მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობით.
რატომ თავისუფლების აღკვეთა?
მჭედლიშვილმა ცეცხლაძე-კასრაძე-კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ალიევს, ჯავახიშვილს, გოშაძეს, გორგაძესა და მიმინოშვილს კი – 2 წელი.
სსკ-ის 226-ე მუხლი, რის საფუძველზეც ისინი დამნაშავედ ცნო, თავისუფლების აღკვეთის გარდა ასევე ითვალისწინებდა ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან შინაპატიმრობას.
თავისუფლების აღკვეთაც, მუხლის მიხედვით, 3 წლამდეა გათვალისწინებული.
თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი [თავისუფლების აღკვეთა] არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
„[სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს] …ბრალდებულების დამოკიდებულებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და კანონის მიმართ და მიაჩნია, რომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, ირაკლი მიმინოშვილის და თორნიკე გოშაძის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულების პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება”, – წერს მჭედლიშვილი.