კობახიძე: 2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი მინიშნებები კორუფციაზე, რაც ხდება, ამის გაგრძელებაა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვებს სუსის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უწყება ძებნას აცხადებს ბიჭიკო პაიკიძეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარია ვანში, ასევე არის გრიგოლ ლილუაშვილის ახლობელი –  ლილუაშვილი პაიკიძის შვილის ნათლიაა.

კობახიძემ თქვა, რომ ნათესაობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.

„თუ არის კონკრეტული ეჭვები, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას, ბრალის წარდგენა უნდა მოხდეს. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ყველა მიმართულებით გააქტიურებულია ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ.

მინდა, შეგახსენოთ, რომ 2 წლის წინ, 2023 წლის დეკემბერში, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მნიშვნელოვანი მინიშნებებით, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით.

რასაც დღეს ხედავთ, არის ზუსტად იმ განცხადების გამოხატულება და გაგრძელება.

მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ზომების მიღება იმისთვის, რომ აღმოიფხვრას კორუფცია, უპასუხოდ არ დარჩეს არცერთი კორუფციული ფაქტი და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. გაგრძელდება ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა.

ზოგადად, კორუფცია არის ნებისმიერ სახელმწიფოში სხვადასხვა დოზით. ეს არის დადგენილი ფაქტი. ფინეთშიც კი, სადაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, იქაც კი არის კორუფცია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, თათია წოწონავამ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს ასევე ჰკითხა იმაზეც, რომ სუსმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოძიება დაიწყო და ადამიანები დააკავა 3 სხვადასხვა სამინისტროში. ყოველ ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა იმას, შეიძლება თუ არა, რომ მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაკარგულიყო ისე, რომ ამის შესახებ არ სცოდნოდა ღარიბაშვილს ან სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს.

ჟურნალისტი თათია წოწონავა: მილიონებზეა ლაპარაკი. შეიძლება, რომ ზურგის გარეშე ამხელა თანხები მოიპარონ ბიუჯეტიდან?

ირაკლი კობახიძე: თუ იყო ზურგი, ამითაც დაინტერესდება საგამოძიებო უწყება. თეორიულად ზურგითაც შეიძლება მოხდეს რაღაცები, ზურგის გარეშეც. ამისთვის არის საგამოძიებო ორგანოები, რომლებიც უნდა ჩაეძიონ ნებისმიერ ფაქტს.

ჟურნალისტი: სამ სამინისტროში იყო ლაპარაკი კორუფციულ ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. შეიძლება, 3 სამინისტროში ფული დაიკარგოს ისე, რომ პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცოდეს?

კობახიძე: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ასეც და ისეც, თეორიულად. [ღარიბაშვილთან] სხვადასხვა საკითხზე მაქვს ხოლმე კომუნიკაცია, თუმცა, რა საკითხზე, ეს ჩვენი საქმეა. ერთი პირობა შემიძლია, მოგცეთ: რა დაპირებაც გაიცა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 2 წლის წინ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ეს პირობა იქნება პირნათლად შესრულებული და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ყველა მიმართულებით. გარდა იმისა, რომ წარსულში ჩადენილ შესაძლო დანაშაულების გამოვლენაზე მაქსიმალურად ვიმუშავებ, მთავარი პირობა, რასაც გაძლევთ, არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობას. მე შემიძლია, მივმართო ნებისმიერ ადამიანს, ამოიღონ მთავრობის მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, თუ ნახავენ კორუფციის ერთ ნიშანს მაინც, მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო.