დღეს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარა და როგორც მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, პეტერ ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.
უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაურესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.
„გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“ საქართველოში. გერმანული მხარის პოზიციიდან მე დეტალებში უარვყავი უსაფუძვლო ბრალდებები ჩემ მიმართ.
გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, ვინც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“, – წერს პეტერ ფიშერი უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.
ფიშერის დაბარებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და „ოცნების“ ეს ქმედება დაგმო.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თავის მხრივ განცხადება გაავრცელა „ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყების განცხადებით, ქართულმა მხარემ „ვენის კონვენციის“ შეხსენებასთან ერთად, ელჩთან შეშფოთება გამოხატა „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებით.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.
ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.
ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში.