„ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდიც დაიბარეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი დაიბარეს.

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე მივიდა. გარეთ უორდს უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.


გუშინ, 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარა.

როგორც მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, პეტერ ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს. ქართულმა მხარემ „ვენის კონვენციის“ შეხსენებასთან ერთად, ელჩთან შეშფოთება გამოხატა „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებით.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას.

ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა.

ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.

„გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“ საქართველოში. გერმანული მხარის პოზიციიდან მე დეტალებში უარვყავი უსაფუძვლო ბრალდებები ჩემ მიმართ.

გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, ვინც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“, – დაწერა ფიშერმა  უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.