„კოალიცია ცვლილებისთვის“ აქტივისტს, გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებისას პროკურორმა მარიამ წულაიამ სტანდარტული არგუმენტები მოიხმო, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხასაია არაერთხელ ყოფილა ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი.
გელა ხასაიას ადვოკატებს მიაჩნდათ, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. ომარ ფურცელაძის თქმით, პრაქტიკის გათვალისწინებით, ერთ-ერთ ალტერნატივად სასამართლოს გირაოსაც სთავაზობენ, რომლის განსაზღვრასაც სასამართლოს მიანდობენ.
„გელა ხასაია ვერ შეაშინა ამ ქვეყანაში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში უწყვეტმა დევნამ, რომელიც რუტინულად, დილიდან საღამომდე ხორციელდება ამ კაცზე. ამ მიზეზით არ დაუტოვებია ქვეყანა არც ერთი დღით. რომელ მიმალვის საფრთხეზეა საუბარი? რომელმა აბსტრაქტულმა ბრალდებამ უნდა შეაშინოს ის?
გელა ხასაია გახლავთ აფხაზეთიდან დევნილი ბიჭი, რომელმაც სრულიად მარტომ დატოვა აფხაზეთი ერთი მარტივი მიზეზით და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული საბუთით მას შეეძლო სახლში ჩასვლა და მისი ოჯახის წევრების ნახვა, რვა წელია, არ უნახავს საკუთარი სახლი, სადაც გაიზარდა, არ უნახავს ოჯახის წევრები და ნათესავები გალში. იცით, რატომ? გელა ხასაიას მიმართ რევოლუციის მცდელობის თუ სამშობლოს ღალატის აბსურდული ბრალდებით რუსული ხელისუფლების მიერ დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე და ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის პირობებში ემუქრება სამუდამო პატიმრობა. არა მარტო დევნილია, რუსული სახელმწიფოს მტერია, თქვენო ღირსებავ.
საკუთარ სახლში ვერ ჩადის კაცი. საქართველოში რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა გელა ხასაია და დილით იღვიძებს, ადმინისტრაციულ პატიმრობებში, იზოლატორებში ატარებს ახალგაზრდობის წლებს და არც ერთი დღით ამ ქვეყნიდან ფეხი არ გაუდგამს. ვინ უნდა შეაშინოს?“, – თქვა ადვოკატმა პროცესზე.
დაკავების პროცესსა და დაკავების შემდგომ პოლიციის განყოფილებაში მომხდარზე ისაუბრა გელა ხასაიამ.
მისი თქმით, ოქმში დაკავების დრო არასწორადაა მითითებული. ხასაია ამბობს, რომ ის დააკავეს მაშინ, როცა სახლისკენ მიმავალს დახვდნენ და მანქანაში ჩაისვეს.
„ფიქციურად გააფორმეს, რომ დაკითხვაზე მივყავდი, თუმცა მოგეხსენებათ, დაკითხვა არის ნებაყოფლობითი, ჩემთვის არავის უკითხავს, მინდოდა თუ არა მონაწილეობა“, – თქვა მან.
გელა ხასაიამ შემდეგნაირად აღწერა მისი დაკავება:
„აქციიდან წამოვედი, დაახლოებით 10-ის ნახევრისკენ ან აკლდა წუთები. ჩავედი მეტროში და ამოვედი სახლთან არსებულ მეტროში, „სადგურის მოედნის“ მეორე ამოსასვლელი, დადიანის ქუჩისკენ. რომ ამოვედი, როგორც კი გადავედი გზაზე, შევედი მაღაზიაში, რაღაცები შევიძინე. როგორც კი გამოვედი და ჩემი ქუჩისკენ ავუხვიე, წინ გადავიდა „შკოდა“. ავხედე და ყურადღება აღარ მიმიქცევია, გავაგრძელე მობილურში იმის კეთება, რასაც ვაკეთებდი.
როგორც კი თავი ჩავწიე, იმ წამსვე ჩემ ირგვლივ გაჩნდა, დაახლოებით, 10-მდე ადამიანი. ერთი რასაც შვებოდა, მაჯაზე მომკიდა ხელი და ტელეფონის წართმევას ცდილობდა და ამის საშუალებას არ ვაძლევდი მანამ, სანამ არ დავბლოკავდი მობილურს, იმიტომ, რომ არ მინდოდა, ჩემი ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როგორც კი ეს მოვახერხე და დავბლოკე მობილური, შემდეგ შევწყვიტე ყველანაირი წინააღმდეგობა, აზრი არ ჰქონდა.
მათ არ განუმარტავთ, ვინ იყვნენ, საიდან იყვნენ, რა უნდოდათ. სიტყვა არ უთქვამთ, უბრალოდ, მობილური მომეციო და ჩამტენეს მანქანაში. მანქანაში ჩატენვის შემდეგ პირველი, რაც ვქენი, ვიკითხე, ვინ იყვნენ და სად მივდიოდით. განმიმარტეს, რომ იყვნენ პოლიციიდან. ერთი ვიცანი მაშინვე, ვინც მძღოლის გვერდით იჯდა – ესაა პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც, წლებია, ვხედავ საპროტესტო აქციებზე. სახელი, სამწუხაროდ, არ მახსოვს. ეს ადამიანი მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა დავაშავე, თან არა ერთხელ, არამედ – მრავალგზის.
ამას მიმეორებდა და არავინ მეუბნებოდა, რა საქმეზე ან სად მივყავდით. ამ ადამიანმა კიდევ რაც გამიმეორა, ის იყო, რომ ხომ დაგპირდი, რომ სისხლით დაგიჭერდიო, ჰოდა, აგისრულეო. გავარკვევ ამ ადამიანის სახელსა და გვარს აუცილებლად“, – თქვა მან.
ხასაიას თქმით, ამის შემდეგ გადაიყვანეს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ორჯერ გააშიშვლეს, იყო „დამცინავი კომენტარები“, ახსენებდნენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელსა და „კოალიცია ცვლილებების“ წევრს, საბა სხვიტარიძეს.
„წამიყვანეს განყოფილებაში, როგორც მივხვდი, გვიანი იყო, გზას კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ეს იყო მარჯანიშვილის ტერიტორია. უაკან მხრიდან შემიყვანეს და პირველად შემიყვანეს დიდ ოთახში, სადაც 20-მდე პოლიციელი იმყოფებოდა. არავინ არ მეუბნებოდა, რაზე ვიყავი მოყვანილი, ცდილობდნენ, მე მეთქვა რამე, თუმცა აზრზე არ ვიყავი, რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა, მივეყვანე იქ.
შემდეგ უკვე განყოფილებაშივე ერთხელ სხვა ოთახში გამჩხრიკეს. ამ გაჩხრეკაში იგულისხმება მთლიანად, ყველაფრის გახდა, მთლიანად გამაშიშვლეს. მოგეხსენებათ, ეს კანონის დარღვევაა, ამის უფლება მათ არ აქვთ. ამის უფლება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
მეგონა, რომ ამით მორჩა, თუმცა, დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ ისევ იგივე გააკეთეს, ოღონდ სხვა ოთახში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო დამცინავი კომენტარები, მზია ამაღლობელს ახსენებდნენ, თუმცა გაუგებარია, ჩემთან მიმართებაში რატომ შვებოდნენ ამას, გაუგებარი არა, გასაგებია, ღირსეულ ადამიანს მოიხსენიებენ ადამიანები, რომელთაც ღირსება არ აქვთ.
ასევე მიხსენებდნენ ჩემს მეგობარს, საბა სხვიტარიძეს, რომელიც ასევე რეჟიმის ტყვეა. მეუბნებოდნენ, რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო და მსგავსი კომენტარები ჰქონდათ. იყო ბევრი მუქარა იმაზე, რომ ახსნა-განმარტება უნდა გამეკეთებინა და მათთვის ინფორმაცია უნდა მიმეწოდებინა. მე ვუმეორებდი, რომ ადვოკატის გარეშე არაფრის თქმა არ მსურდა“, – თქვა ხასაიამ.
გელა ხასაიას ბრალდებებს არ იზიარებს და დაკავების განსხვავებულ ვერსიას ჰყვება პროკურორი მარიამ წულაია.
„ახლა გაკეთებული განმარტებები ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას… ბრალდების მხარე თვლის, რომ დაკავების პროცესში მის მიმართ რამე უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია“ – თქვა პროკურორმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულს გამოკითხვის ოქმზე ხელი მოწერილი აქვს და მის სისწორესთან პრეტენზია არ ჰქონია. მისივე თქმით, ხასაია ჯერ გამოიკითხა, შემდეგ კი დააკავეს.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, ბრალის გადაცემის მომენტში გამოითხვისას გელა ხასაიამ დააფიქსირა, რომ პრეტენზიების შესახებ სასამართლოზე ისაუბრებდა.
პროკურორ მარიამ წულაიას მტკიცებით, გელა ხასაია განყოფილებაში თავად გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც მას გამომძიებელი დაუკავშირდა.
„იდენტიფიცირებული იყო ბრალდებული, მოხდა მასთან კომუნიკაციის დამყარება და დაბარებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში.
თავად მობრძანდა პოლიციის… ნებაყოფლობით მოხდა მისი გადმოყვანა პოლიციის განყოფილებაში, ნებაყოფლობით მოხდა მისი გამოკითხვაც, შესაბამისად, ამ პროცესში რამე პრეტენზია მას არ დაუფიქსირებია. …გამოკითხვაზე როდესაც იბარებენ პიროვნებას, რა თქმა უნდა, პოლიციის განყოფილებაში მიდის კონკრეტული მისამართიდან. გელა ხასაია გამოკითხვამდე დაკავებული არ ყოფილა“, – თქვა პროკურორმა ადვოკატ ომარ ფურცელაძის შეკითხვის საპასუხოდ.
ადვოკატის შეკითხვაზე, ვინ მიიყვანა პოლიციაში გელა ხასაია, პროკურორმა თქვა, რომ ის „თავად გამოცხადდა პოლიციაში გამოკითხვაზე.“
რაც შეეხება გელა ხასაიასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს, სასამართლოს დღეს მისი აღკვეთის ღონისძიების საკითხზე არ უმსჯელია. პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ის ბრალს აღიარებს.
პროკურატურის ცნობით, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 სექტემბერს დააკავა.
პროკურატურა მათ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
გამოძიების ვერსიით, 1 სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხასაიამ და ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხასაიას ადვოკატების განცხადებით, ხასაია არ იცნობს იმ პიროვნებას [ვასილ ქერდიყოშვილს], რომელიც ამავე საქმეზეა დაკავებული და რომ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები, ამ ეტაპზე, არაა. მათი შეფასებით, ხასაიას მიმართ დაწყებული საქმე პოლიტიკური დევნაა.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე მიუთითებს იმაზე, რომ გელა ხასაია სხვადასხვა დროს იღებდა მუქარებს, რომ დააკავებდნენ და დაკავების შემდეგ უთხრეს, რომ დანაპირები შეუსრულეს.