კალანდარიშვილი: ხმის მთვლელ აპარატზე იქნება ქაღალდის საფარი, რათა მარკერის კვალის გამოჟონვის შემთხვევაშიც, არ იყოს სივრცე იდენტიფიცირებისთვის

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური მყარი საფარი, „რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიულეტენის ჩარჩო-კონვერტში არასწორად ან თუნდაც მარკერის კვალის გაჟონვის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე კვალის ინდეტიფიცირებისთვის, რაც სხვადასხვა დაინტერესებულ პირს სპეკულაციის საშუალებას მისცემს“.

„როგორც გასულ, ისე ამ არჩევნებზეც ხმის ფარულობა იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ კარგად ვნახეთ ის სპეკულაციური შეფასებები და შეურაცხმყოფელი ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის გამოჟონვის კვალი იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ სადმე დაირღვა ამომრჩევლის ნება.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ინსტიტუციამ, ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დაინტერესებულმა პირმა ეს საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენა და მივიღეთ ზომები, რომ ხმის მთვლელ აპარატზე განთავსებული იქნება ქაღალდის სპეციალური მყარი საფარი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუნდაც ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაში, არ იყოს სივრცე, რომ თუნდაც ამ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს, რომელიც ხელს მისცემს დაინტერესებულ პირებს, რომ ამ არჩევნებზეც ამ საკითხით სპეკულაცია მოახდინონ. ამიტომ მივიღეთ ზომები, რომ სპეკულაციები დავაზღვიოთ და არა ის, რომ ფარულობა ირღვეოდა და ამიტომ რაღაც დამატებითი მექანიზმები უზრუნველყავით.

გასულ არჩევნებზე, შეიძლება იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ იდენტიფიცირება მოეხდინა თუ ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა. გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც […]“, – თქვა კალანდარიშვილმა.


საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.

სარჩელებით მოთხოვნილი იყო 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილება, ვინაიდან, სარჩელებისვე თანახმად, ამ არჩევნებზე დაირღვა როგორც ხმის მიცემის ფარულობა, ისე – საყოველთაოობა.

საქართველოში მოქმედმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთხმად განაცხადეს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, ვინაიდან მარკერის კვალი ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა.

საიას შეფასებით, ხმის მიცემის კაბინებზე, მაგიდებსა და საარჩევნო ყუთებზე მიმართულმა ვიდეოკამერებმა დაბალი ხარისხის ბიულეტენებთან ერთად სერიოზულად დაარღვია კენჭისყრის ფარულობა და გაზარდა ამომრჩევლის დაშინების ალბათობა.

2025 წლის 20 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევაზე საიას სარჩელი დაარეგისტრირა.