„ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, რომ უზენაესი სასამართლოს სახურავზე ავალ და მანტიით ჩამოვიკიდებ თავს, რომ ადამიანებმა ნახონ და მიხვდნენ, რომ სასამართლოში ასეთი სიტუაციაა“, – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე.
2 ოქტომბერს გავრცელებულ ჩანაწერში , რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლით თარიღდება, ყოფილი მოსამართლე საუბრობს ზეწოლის, მუქარის, ქრთამის შეთავაზების ფაქტებზე. ის არაერთხელ ახსენებს ე.წ. კლანის წევრების სახელებსაც.
ალავიძე ვრცელ ჩანაწერში საუბრობს არაერთ საქმეზე, მათ შორის „რუსთავი 2-ისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე. იურისტ კახა წიქარიშვილის განმარტებით, ჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა მოსამართლემ ქვეყანა დატოვა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ, რომელსაც ქვეყანა დატოვებული აქვს, „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ფლობს ე.წ. კლანის წევრების მამხილებელ ჩანაწერს.
„მე ვურჩევ კლანის წევრებს და ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ. წავიდნენ, დაწერონ დღესვე განცხადება. თუ ისინი გაბედავენ, რომ ჩემ მიმართ მუქარას განახორციელებენ, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ და ამასაც მოისმენს საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა – ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. ახლა ვნახოთ, დაველოდოთ რა მოხდება. …
ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ამ მტკიცებულებაში ასახულია სქემა, როგორ ხდება სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, როგორ ხდება წინასწარ გარიგება მოსამართლეებთან და ვაჭრობა მორჩილების მიზნით, თუ მორჩილი არ იქნება და ამ მორჩილებაში არ დარწმუნდებიან, მაშინ არ გნიშნავენ.
ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ. არავისგან არაფერს არ ველოდები.
არც დღევანდელი დღე არ ყოფილა დაგეგმილი, როგორც უყვარს ხოლმე ხელისუფლებას, შეთანხმებული არ ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. ადრე თუ გვიან ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ახლა ეს მომენტი დადგა. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა როცა სახელწმიფოში არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობს და ყველა ერთი კაცის მორჩილებაშია, ძნელი არის …ამ ჩანაწერის ფიგურანტი ვარ მე, ჩემ მიმართ ხორციელდება საქმის გარჩევა და მეორე მხარეს გახლავთ სასამართლო კლანის წევრები“, – განაცხადა ალავიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმდჯომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს გამოეხმაურა.
გვრიტიშვილი ალავიძეს „პატრონების დაკვეთის“ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები კოლეგების მიმართ „უსინდისო ცილისწამებაა“.