რას ჰყვება უზენაესის ყოფილი მოსამართლე „რუსთავი 2-ის" და მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების და სასამართლოს ე.წ კლანის მხრიდან ზეწოლის შესახებ ჰყვება.

ვიდეო, რომელიც იურისტმა კახა წიქარიშვილმა 2 ოქტომბერს გამოაქვეყნა, 2022 წლის მაისშია ჩაწერილი. ალავიძე ახლა საქართველოში არ იმყოფება.

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი. ასე საჯაროდ დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი”. – თქვა მოსამართლემ.

ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო 10 წლის ვადით – 2011 წლიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით.

მეტალურგიული ქარხნის საქმე

ერთ-ერთი საქმე, რომელსაც ალავიძე გამოყოფს, მეტალურგიული ქარხნის საქმეა, რომლის გამოც ის 2014 წელს პირველად გახდა „ქართული ოცნების” ზეწოლის სამიზნე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” 2015 წელს გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, საქმეში ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის და ჯოზეფ ქეის ინტერესები იკვეთებოდა. ისინი დაპირისპირებული მხარეები იყვნენ.

ბესარიონ ალავიძე ჰყვება, რომ 2014 წელს სასამართლოს კლანი ჯერ კიდევ „ლაგდებოდა „ქართულ ოცნებასთან”.

მისი თქმით, დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა მას უთხრა, რომ გადაწყვეტილება პატარკაციშვილის ოჯახის სასარგებლოდ უნდა იქნას მიღებული.

„კუბლაშვილი [კოტე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე] კი ამბობდა, რომ უნდა შეგვეცვალა გადაწყვეტილება, იქნებ რაღაც შევცვალოთო. მას მოთხოვნა არ ჰქონია, ვასილ როინიშვილს კი ცალსახა მოთხოვნა ჰქონდა”.

ალავიძის თქმით, ცოტა ხანში მას სააპელაციო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

„მითხრა, ამ საქმეზე ვასიკო როინიშვილთან პრობლემები გქონია და რაშია საქმეო. მე ვუთხარი, რომ მე მინდა სწორი გადაწყვეტილების მიღება და ის სხვა აზრზე არის-მეთქი.

[…] ერთ დღეს დამიბარეს [მიხეილ] ჩინჩალაძის კაბინეტში, მთხოვეს, მაგრამ ეგ თხოვნა არ იყო, დაბარება იყო. ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო და საერთო სამოქალაქო საქმესთან წესით არანაირი შეხება არ უნდა ჰქონოდ, არაფერ შუაშია იყო. იქ დამხვდა მურუსიძე და ვალერი ცერცვაძე. მითხრეს, რომ რაღაც შენ კოტეს [კოტე კუბლაშვილი] ემორჩილები მგონიო, კოტეს აგინეს ყველაფერი, ეგ მაგ საქმეში ფულს იღებსო. ჩვენ რასაც გეუბნებით, ის გააკეთეო. მერე ქათამაძეს აგინეს [პაატა ქათამაძე, მოსამართლე, 2010-2020 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე], ის დარჩეს განსხვავებულ აზრზე, თუ უნდაო, ვასიკოს რატომ არ უჭერ მხარსო.

მე არ მაგინეს, მაგრამ შეურაცხყოფა მომაყენეს”.

ბესო ალავიძე ამბობს, რომ ამ საუბრის შემდეგ იმავე მოსამართლეებმა მას შეხვედრა კვლავ სთხოვეს, ამჯერად „ბახტრიონის ქუჩის კუთხეში, ერთ-ერთ კაფეში”.

„დღესაც ასეთ სიტუაციაა და მაშინაც ეს სიტუაცია იყო – ამას არ გააკეთებდი, სხვა პრობლემას შეგიქმნდნენ. საქმის გარკვევის რეჟიმში იყო და პარალელურად ინფორმაციას გადასცემდნენ იმათ, ვისგანაც ეს დავალება მოდიოდა – ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. შეიძლება, ჩემი ბრალიც არის, რომ მივედი, მაგრამ მეც მაინტერესებდა, რა უნდოდათ.

ეს იყო ქურდული, ქუჩური გარჩევა”. – ამბობს ბესო ალავიძე.

როგორც ყოფილი მოსამართლე ჰყვება, მას სურდა, მათთან თავისი პრინციპული პოზიცია დაეფიქსირებინა.

„ამით ის საკითხიც წყდებოდა, მე მომავალში სხვა საქმესაც შემომთავაზებდნენ თუ არა. თუ დავთანხმდებოდი [მათი დავალების შესრულებას], სხვა საქმეებიც უნდა შემესრულებინა და გავაკეთებდი, ასე გამოდიოდა. თუ გავუწევდი წინააღმდეგობას, დარწმუნებული ვარ, გამოიყენდბენდნ ბერკეტებს, ეტყოდნენ ხელისუფლების ძალოვნებს, პრობლემები შეუქმენითო. როინიშვილმა მითხრა, შენზე იტყვიან, რომ ფული გაქვს აღებული და ვერ დაამტკიცებ, რომ არ გაქვსო. მივხვდი, რა საფრთხეებზეც იყო საუბრაი და მინდოდა, რომ ადამიანურადაც გამერკვია ეს საკითხი”. – ამბობს ალავიძე და დასძენს, რომ ცერცვაძე, ჩინჩალაძე და მურუსიძე დაჭერით დაემუქრნენ.

ბესო ალავიძის თქმით, კაფეში შეხვედრისას მისგან უარი მიიღეს, რის გამოც მოსამართლეები „ძალიან გაუნაწყენდნენ”.

ამის შემდეგ ვალერი ცერცვაძე მას ცალკეც დაუკავშირდა და დაემუქრა, რომ მას ჩამოაშორებდნენ უნივერსიტეტს, სადაც ლექციებს კითხულობდა, არავინ მიესალმებოდა, არ იქნებოდა დაცული.

„ან ყველაფერს დაკარგავ, ან ყველაფერს მიიღებო. უარი ვუთხარი. ამის შემდეგ ცერცვაძესთან კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა რუსთაველზე კაფეში და იქაც კიდევ ერთხელ მითხრა იგივე, ისევ მიიღო ჩემგან უარი.

ამ შეხვედრაზე ძალიან მძიმე საუბარი რომ გვქონდა, მე ვალერი ცერცვაძეს ვუთხარი, არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცხლეს-მეთქი. შანსი არ არის, ამ საქმეს არ გავაკეთებ-მეთქი.

იმ დღეს წამოვედი სამსახურში და მართლა ვაპირებდი, ვემზადებოდი სუიციდისთვის და სახლში არ წავედი იმ საღამოს”. – ამბობს ბესო ალავიძე.

მისი თქმით, ვალერი ცერცვაძე მის ნათქვამს სეროზულად მიუდგა და საფრთხე იგრძნო – თვითმკვლელობამდე მას წერილი არ დაეტოვებინა, სადაც ყველაფერს აღწერდა და მათ პრობლემებს შეუქმნიდა.

ალავიძე ამბობს, რომ იმ ღამით, როცა ცერცვაძესთან ლაპარაკის შემდეგ სამსახურში მივიდა და სახლში არ წავიდა, მასთან ლევან მურუსიძე მივიდა – დაახლოებით დილის 5 საათზე.

„მოვიდა ჩემთან და მითხრა, [საქმიდან ჩამოცილებაზე] დაწერე განცხადება და ამ საქმეს სხვას მივცემთო. დავწერე განცხადება, საქმეთა სიმრავლის გამო გადააწერეთ სხვა მოსამართლეს-მეთქი და საქმე წაიღო ვასილ როინიშვილმა”. – ამბობს ალავიძე.

ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ მანამდე მას ვალერი ცერცვაძემ საქმის თავიდან ასარიდებლად თვითდაზიანების მიყენება ურჩია.

„ვალერი ცერცვაძემ მითხრა თვითდაზიანება გაიკეთე, ან ჩვენ დაგაზიანებთო, ხელი მოიტეხე, ან ფეხიო”.

ალავიძის თქმით, თავისი თანაშემწის დახმარებით მოძებნეს ექიმი, რომელმაც მას მცირე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთა – ნაკერები დაადო.

საბოლოოდ, ის საქმეს ჩამოშორდა და საქმეზე გადაწყვეტილებას ხელი ლევან მურუსიძემ, ვასილ როინიშვილმა და პაატა სილაგაძემ მოაწერეს და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა პატარკაციშვილების ოჯახს მიეკუთვნა, როგორც ეს „ქართულ ოცნებას” სურდა.

რუსთავი 2-ის საქმე

ბესო ალავიძე ჰყვება, რომ ე.წ კლანის მოსამათლეები ჯერ კიდევ მეტალურგიული ქარხნის საქმის განხილვის დროს საუბრობდნენ გეგმაზე:

„მეტალურგიული ქარხანა დაუბრუნდება პატარკაციშვილების ოჯახსო, „იმედი” გახდება სახელისუფლებო არხი და „რუსთავი 2-იც” იგივე სახელისუფლებო არხი უნდა გახდეს, ეს უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებისთვისო”. – თქვა მან და ანიშნა, რომ 2014 წლიდან იცოდა, რომ „რუსთავი 2-ის” საქმეც დაიწყებოდა. მაშინ „რუსთავი 2-ზე” დავა სასამართლოში დაწყებულიც არ ყოფილა.

„რუსთავი 2-ის” საქმე მოსამართლე ეკა გასიტაშვილს გამიზნულად დაეწერა.

2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის 60% ქიბარ ხალვაშისაა, 40% კი შპს პანორამასი, რომელიც ხალვაშს ეკუთვნის. მოსამართლემ ასევე ბათილად ცნო ის კონტრაქტები, რომლითაც ხალვაშმა 2005–2006 წლებში ტელეკომპანიაში საკუთარი წილები გაყიდა.

საქმის განხილვა შემდგომ ინსტანციებში გაგრძელდა. 2015 წლის 10 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ „რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით განიხილა.

ბესო ალავიძე ყვება, რომ თავად სხვა შემადგენლობაში იყო, მზია თოდუა, ეკა გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე კი – სხვა შემადგენლობაში. მზია თოდუამ „რუსთავი 2-ის” საქმის განხილვაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეგა კასიტაშვილმა მას შემადგენლობაში შესვლა მას შესთავაზეს. ალავიძე დათანხმდა.

„რაღაც დროის მერე შეხვედრა გვქონდა ნინო გვენეტაძესთან. ვესწრებოდით ჩვენ და მზია თოდუა. გვენეტაძემ გვითხრა, რომ ეს საქმე სწორად არის გადაწყვეტილი [თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მიერ] და გადაწყვეტილება ძალაში უნდა დატოვოთ და აბა როდის აპირებთ, რაც შეიძლება, დროზე უნდა ჩანიშნოთ [სხდომა]. სამივემ გაცხარებულად ვუთხარით, რომ ასე არ არის. თუ საჭირო იქნება, დავუშვებთ [განსახილველად], თუ საჭირო იქნება, პროცესს დავნიშნავთ. ეს არ მოეწონა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია წავიდა იქ, საიდანაც მოდიოდა შეკვეთა”.

ბესო ალავიძის თქმით, ეკა გასიტაშვილი ყვებოდა, რომ ნინო გვენეტაძე მისგან მოითხოვდა, განსახილველად არ დაეშვა სარჩელი და უკვე არსებული გადაწყვეტილება ძალაში დაეტოვებინა.

ასევე, ეკა გასიტაშვილმა მათ უთხრა გვენეტაძის ნათქვამი, რომ „ალავიძეს და ქათამაძეს მიხედავენ – მაგათ ტვინს გაასხმევინებენ“.

გვენეტაძეს არ მოეწონა მოსამართლეების განცხადება, რომ „რუსთავი 2-ის” საქმე რთულია, იყო პროცესუალური დარღვევები და ოქმებიც მოსასმენია.

ალავიძის თქმით, მასთან და პაატა ქათამაძესთან სახლში წერილები მოიტანეს.

„წერილები იყო იდენტური და მასში თითქოს დათო საყვარელიძე უკრაინიდან წერდა, რომ ის და პაატა ქათამაძე სწორად იქცეოდნენ და რომ ეს აუცილებლად დაუფასდებოდათ მას შემდეგ, რაც მიშა ჩამოვიდოდა. ხელმოუწერელი, ამობეჭდილი წერილები იყო. ეკასთანაც ხომ უნდა მისულიყო ეს წერილი, მაგრამ მოვიდა მხოლოდ ჩვენთან. თან ეკასგან ხომ ვიცოდით გვენეტაძის ნათქვამი, თქვენ ორს ტვინს გაგასხმევინებენო. წერილები ორივესთან სახლში მივიდა ზუსტად ერთსა და იმავე დროს. ორივეს ტელეფონზე ასევე მოვიდა სმს-ები უკრაინული ნომრით.

გვენეტაძემ ამ წერილებზე გვითხრა, დახიეთო. მივხვდით, რომ ეს წერილები არ იყო უკრაინიდან გამოგზავნილი. წერილები პროკურატურაში წავიღეთ და დაგვკითხეს. კითხვები ისეთი იყო, ჩანდა, რომ პროკურორი დარიგებული იყო. ამიტომ, მე და პაატამ დავწერეთ ჩვენება, რომ ჩვენზე არ იყო ზეწოლა. მაგრამ ვთქვით, ხელისუფლების შემდეგ ვიტყოდით, რომ ეს ჩვენებები არ იყო ნამდვილი”. – ამბობს ბესიკ ალავიძე.

ყოფილი მოსამართლე გამოთქვამს ვარაუდს, რომ „ციანიდის საქმით” გადაიფარა „რუსთავი 2-ის” საქმე და მასთან დაკავშირებული დარღვევები.

ალავიძე ამბობს, რომ ეკა გასიტაშვილის ძმა მაშინ „თელასში” მუშაობდა, „ნინო გვენეტაძემ დარეკა და სამსახურიდან გაათავისუფლებინა”.

ყოფილი მოსამართლე ასევე იხსენებს, რომ ნინო გვენეტაძემ ჯერ პაატა ქათამაძე, შემდეგ კი ის დაიბარა კაბინეტში და ტირილით სთხოვა, ხელი მოეწერა საქმის დაუშვებლობის განჩინებისთვის.

„მე მერე პრობლემები შემექმნება და უნდა დავტოვო სამსახურიო”. – ჰყვება ალავიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო გვენეტაძე მათგან სარჩელის დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა, მოსამართლეები შეთანხმდნენ, რომ „რუსთავი 2-ის” საქმე პროცესუალური დარღვევებით იყო განხილული და უნდა დაბრუნებულიყო პირველ ინსტანციაში და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანეს.

„შემოვარდა მზია [მოსამართლე მზია თოდუა], ცუდად ვარო, თუ გინდათ გადავრჩეთ ყველა, დიდ პალატას უნდა გადაეცეს ეს საქმეო. მივხვდი, რომ მათზეც იყო ზეწოლა. ამ დროს ჩაგვკეტეს ოთახში, დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, ვერ წახვალთ სახლშიო”. – ჰყვება ბესო ალავიძე.

ბესიკ ალავიძე იხსენებს, რომ ამ დღეს ის, ეკა გასიტაშვილი და პაატა ქათამაძე გასიტაშვილის კაბინეტში რამდენიმე საათით ჩაკეტეს.

ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ სათათბიროდ შეკრებილებს კაბინეტში მობილური ტელეფონები არ შეუტანიათ, რათა მათთვის არ მოესმინათ, შესაბამისად, ჩაკეტვის შემდეგ ვერავის უკავშირდებოდნენ.

ალავიძე ამბობს, რომ ის და ქათამაძე ფანჯრიდან ჩაძრომას და ჟურნალისტებთან დალაპარაკებას/ტელევიზიაში მისვლას ფიქრობდნენ.

ისინი ჩაკეტილები იყვნენ „ღამის 12-1 საათამდე”.

შემდეგ „რუსთავი 2-ის საქმე“ დიდ პალატას გადაეცა.

ბესარიონ ალავიძის თქმით, პლენუმიდან „თავი დაიძვრინა ლევან მურისიძემ. თუმცა, ისე არ ხდება, რომ აი მე არ მინდა საქმის განხილვა. მაგრამ მურუსიძის ნაცვლად პლენუმში ვასილ როინიშვილი შევიდა”.

„ბიძინასთან იყო შეთანხმებული, რომ სარჩელი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ჯერ დაშვებულ იქნა, დასაბუთება მოჰყვა, შემდეგ დიდ პალატას გადაეცა”. – ამბობს ალავიძე.

ალავიძე ასევე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” სათითაოდ სცადა თითოელი მოსამართლის დაშინება და მოქრთამვა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

„როინიშვილი ისედაც მხარს უჭერდა, ნინო გვენეტაძე ამბობდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას დავკარგავო”. – ჰყვება ბესარიონ ალავიძე.

ყოფილი მოსამართლე ასევე ამბობს, რომ სუსისგან მოგზავნილმა ახლობელმა პირადად მას შესთავაზა საბანკო ბარათი და უთხრა, „შენ თვთონ დაასახელე, რამდენიც გინდაო”.

„როგორც კი გამოცხადდებოდა გადაწყვეტილება „რუსთავი 2-ის” საქმეზე, VIP გასასვლელით წამიყვანდნენ, რამდენიც გინდა, იმდენი ადამიანი წაიყვანე, ოჯახის წევრი, მეგობარიო და საზღვარგარეთ დავისვენებდი და როცა დამშვიდდებოდა სიტუაცია, მერე მომცემდნენ საქართველოში დაბრუნების უფლებას”. – ჰყვება ბესარიონ ალავიძე.

მისივე თქმით, იმავე ნაცნობმა მას უთხრა, რომ მასთან შეხვედრა სუსის უფროსს უნდოდა. ალავიძის თქმით, მას არც ქრთამი აუღია და არც სუსის უფროსს შეხვედრია.

ყოფილი მოსამართლისვე განცხადებით, „საერთოდ არ უნდოდათ დაწერილიყო განსხვავებული აზრი, რადგან საქმე სტრასბურგში უნდა წავიდესო” – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ უნდა ჰქონოდა საფუძველი, „რუსთავი 2-ის” საქმეზე „ოცნებისთვის” არასასურველი გადაწყვეტილება გამოეტანა.

საბოლოოდ, ყველაფრის მიუხედავად, „რუსთავი 2-ის” საქმეზე განსხვავებული აზრი არავინ დაწერა. მათ შორის, არც ბესარიონ ალავიძემ. თავიდან პლენუმის 9 მოსამართლიდან საქმის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტას 5-მა მოსამართლემ დაუჭირა 4-ის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ალავიძე ყვება, პაატა ქათამაძემ პოზიცია შეიცვალა, რასაც სხვებიც მიყვნენ.