„კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ… ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი, ახლა გინდათ, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ…“,- ასე უპასუხა „ტვ პირველს“ სატელეფონო საუბრისას უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გენეტაძემ, რომელსაც ჟურნალისტმა შეკითხვები დაუსვა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის განცხადებებთან დაკავშირებით.
„არ მაინტერესებს არაფერი, მინდა მშვიდად გადავიტანო ეს დასვენების დღე. რას ლაპარაკობთ (არ ვიღებდი მითითებეს ივანიშვილისგან) ბესო ალავიძეს ჰკითხეთ, იტყუება თუ არა. წყნარად იყავით და ნუ მომიშლით ნერვებს. რა „რუსთავი 2“-ის საქმე… რა ალავიძე… “, – ამბობს გვენეტაძე.
ბესარიონ ალავიძემ 2 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ივანიშვილის გზავნილები სასამართლოში სწორედ მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მოჰქონდა.
გავრცელებულ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლით თარიღდება, ყოფილი მოსამართლე საუბრობს ზეწოლის, მუქარის, ქრთამის შეთავაზების ფაქტებზე. ის არაერთხელ ახსენებს ე.წ. კლანის წევრების სახელებსაც. ალავიძე ვრცელ ჩანაწერში საუბრობს არაერთ საქმეზე, მათ შორის „რუსთავი 2-ისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეებზე.
იურისტ კახა წიქარიშვილის განმარტებით, ჩანაწერის გასაჯაროების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყოფილმა მოსამართლემ ქვეყანა დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს გამოეხმაურა. გვრიტიშვილი ალავიძეს „პატრონების დაკვეთის“ შესრულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მისი განცხადებები კოლეგების მიმართ „უსინდისო ცილისწამებაა“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე ლევან მურუსიძეც. „ფორმულასთან“ საუბრისას მურუსიძე ამბობს, რომ მისი ბრალდებები აბსურდული და სასაცილოა.