კახა კალაძე: ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო

პუბლიკა

კახა კალაძე 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კაია კალასის და მარტა კოსის შეფასების პასუხად ამბობს, რომ „ევროკავშირი საინტერესო არ არის”.

„ჩემი პოზიცია მარტივია – არც კალასი და არც კოსი არ გიშველით, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონნი არიან ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, ვისაც ხედავთ აქ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც-ვიღაცები გარედან. ეს გაითავისეთ“, – თქვა კახა კალაძემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და მიუთითეს, რომ „არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა”.

მათ ასევე უარყვეს და დაგმეს დეზინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, ასევე, პერსონალური თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე.