31 ივლისს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა, ისინი პატიმრობაში რჩებიან.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მხარეები ერთმანეთის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ ხდიან.
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.
ვინ არის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძე?
საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ბექა გოცირიძეა. დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, მოიხსენიებდა მათ აგდებულად, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა შემდგომ დაპირისპირებაც.
აღსანიშნავია, რომ ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს შეურაცხყოფას აყენებდა თავის ვიდეოებში და არამარტო – ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ბექა გოცირიძე დასაქმებულია მერიის დაქვემდებარებულ შპს-ში.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ შემთხვევის დღეს – 31 ივლისს გოცირიძე კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის გახსნაზე იყო, სადაც სავარაუდოდ მიიღო ალკოჰოლიც, იქიდან კი აქციაზე გადაინაცვლა.
„დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ მდგომი ადამიანების მიმართ. შემდეგ კი თავს დაესხა თორნიკე თოშხუას, შემდეგ კი აქციის სხვა მონაწილეს სახეში მინიმუმ ორჯერ ძლიერად დაარტყა”, – ამბობს ფურცელაძე.
„პუბლიკასთან” შემთხვევის თვითმხილველი ვახტანგ ლეგაშვილი ამბობს, რომ ამის შედგომ აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ბექა გოცირიძის განეიტრალებასა და ადგილიდან გაძევებას. მისივე თქმით, სწორედ ამ მომენტში ბექა გოცირიძეს ხელი მიაქვს ჯიბისკენაც – აქტივისტების თქმით, მას მოგვიანებით ეს დანა ჯიბიდანაც ამოუვარდა.
თვითმხილველები ჯერ კიდევ 31 ივლისს ჰყვებოდნენ „პუბლიკასთან“, რომ ბექა გოცირიძეს დანა დაუვარდა, მათ ცივი იარაღი გვაჩვენეს კიდეც, შემდეგ კი ის პოლიციას გადასცეს.
ადვოკატი დათა კუპრავა ამბობს, რომ ბექა გოცირიძის მხრიდან ძალადობის შემდეგ დაკავებული აქციის მონაწილეები აუცილებელი მოგერიების პირობებში ჩადგნენ:
„ბექა გოცირიძე მიდის, განზრახ მიდის, აგრესიულად, ხელში ტელეფონმომარჯვებული – LIVE-ში, აგინებს ამ ადამიანებს, ემუქრება, ფიზიკურად ეხება, შემდეგ კი ეს ადამიანები მოქმედებენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში”, – ამბობს ის.
ვინ არიან ბრალდებულები?
ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა იმაზე, რომ ბრალდებულების მიმართ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. მან პროცესზე ბრალდებულების პიროვნებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„არცერთი მათგანი არასდროს არ ყოფილა ნასამართლევი სისხლის სამართლის წესით, არასდროს არცერთი მათგანი არ ყოფილა ნასამართლევი ძალადობრივი განზრახი დანაშაულისთვის და არც არანაირი დანაშაულისთვის.
თორნიკე თოშხუა არის მოქმედი საჯარო მოხელე, რომელიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში გახლდათ შემოსავლების სამსახურის აუდიტორი, საჯარო მოხელე, რომელსაც დისციპლინური სახდელიც კი არ აქვს დაკისრებული. და ბოლო 8 წლის განმავლობაში საჯარო მოხელე ასრულებდა თავის ფუნქცია მოვალეობებს, ღირსეულად, შენიშვნის გარეშე და დაკავების მომენტში იყო მოქმედი საჯარო მოხელე, და იმედი მაქვს, რომ ძალიან დიდხანს იქნება, ვინაიდან, გულწრფელად მჯერა, რომ ასეთი ადამიანები სჭირდება ქვეყანას მათ შორის – პროფესიონალები.
მინდია შერვაშიძე არის ადამიანი, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა 1-წლიანი კონტრაქტი სარემონტო სამუშაოებზე, ძალიან მოცულობითი, საიდანაც მხოლოდ ორი თვე იყო გასული…, იქამდე, სანამ ის რუსთაველზე გავიდოდა ხოლმე სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, დილიდან-საღამომდე შიშველი ხელით მუშაობდა მშენებლობაზე და ასრულებდა ამ ვალდებულებას.
მინდია შერვაშიძეს ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, მათ შორის ორი ჯანმრთელობის პრობლემით, არასდროს ეს ადამიანი ნასამართლევი არ ყოფილა.
რა მოლოდინი უნდა არსებობდეს, რომ რომელიმე მათგანი ჩაიდენს ძალადობრივ ჯგუფურ დანაშაულს მომავალში, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად ბრალდებაც მიიჩნევს, რომ სპონტანურ ჯგუფზეა საუბარი და არა წინასწარ შეკავშირებულ ან შეთანხმებულ ჯგუფზე”, – განაცხადა ფურცელაძემ.
არსებითი განხილვის სხდომა საქალაქო სასამართლოში 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.
რა კადრები დევს საქმეში და რას ამბობენ თვითმხილველები – ნახეთ „პუბლიკის” მიერ მომზადებული ვიდეო: