​EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

პუბლიკა

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

„უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ, მათ შორის 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებული მუნიციპალური არჩევნებისა და დემოკრატიული უკუსვლის შესახებ“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქართველ ხალხს ევროპული მისწრაფებები აქვს, თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება მათ არ უსმენს.

მარტა კოსმა დაგმო „ოცნების” მხრიდან დეზინფორმაცია და თავდასხმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათ წარმომადგენლებზე, ასევე, წევრ ქვეყნებზე.

„საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე“.

განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს, საქართველოს მოსახლეობამ ბოლო სამ არჩევნებში, მიმდინარე საპროტესტო აქციებში აჩვენა, ასევე გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ ევროპული მომავალი სურთ, მაგრამ არა – მათ მთავრობას.

როგორც ჩანს, მათი მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.

ოპონენტები, როგორც იცით, დაპატიმრებულები არიან, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხმას კი ახშობენ.

ამავე დროს ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.

ვგმობთ ამ ცრუ ნარატივებს და ვგმობთ ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ჩვენს წევრ სახელმწიფოებზე.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს თავის ხალხს, იყოს ინკლუზიური, ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიჰყვეს მათ სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი“, – თქვა მარტა კოსმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა. მან საქართველოში არსებულ ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა.

„სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“, – თქვა ელინა ვალტონენმა.

ელინა ვალტონენი საქართველოში შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, ირაკლი კობახიძეს კი არა, „დატვირთული გრაფიკის გამო”. ვალტონენი მივიდა რუსთაველზე და პროტესტის მონაწილეებსაც ელაპარაკა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ” ის 5000 ლარით დააჯარიმა და ეუთოს საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ასევე განიხილება უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის საკითხები.