დამოუკიდებელი მედიები ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მისი და ვახო სანაიას დაკავება „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.
„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი 20 ოქტომბერს დააკავეს საპროტესტო აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვის მუხლით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კი მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მედიების განცხადებაში წერია:
„მოსამართლე კობა ჩაგუნავამ არ გაითვალისწინა, რომ ქეთა ციცქიშვილი 12 წლის ბავშვის დედაა და „ქართული ოცნების“ მიერ ერთ დღეში მიღებული სადამსჯელო კანონების საფუძველზე მის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.
დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები უკანონოდ და მედიაზე თავდასხმის კიდევ ერთ გამოვლინებად მივიჩნევთ ქეთა ციცქიშვილის დაკავებას და ვუცხადებთ მას მხარდაჭერას და სოლიდარობას.
19 ოქტომბერს იმავე ბრალდებით დააკავეს და 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტსა და წამყვანს, ვახო სანაიას.
ამ დაკავებებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეებს ფაქტობრივად აუკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლება.
ქვეყანაში მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების პირდაპირი სამიზნეა. მაშინ, როდესაც დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, გამოუძიებელია ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმის ფაქტები, პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლისა და მედიის წარმომადგენლების ქონების დაზიანების შემთხვევები, „ქართული ოცნების“ პოლიცია, პროკურატურა, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო, ჟურნალისტებზე მორიგი ძალადობით, დაჭერით და დაპატიმრებითაა დაკავებული.
მიგვაჩნია, რომ ბოლოს მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა, ისევე, როგორც მანამდე მიღებული და ამოქმედებული კანონები, მიზნად ისახავს ქვეყანაში კრიტიკული აზრის, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულად განადგურებას. ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებაც „ქართული ოცნების“ ამ ავტორიტარული პოლიტიკის ნაწილია და ჟურნალისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ყველა გზას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, ვაგრძელებთ ჩვენი პროფესიული მისიის შესრულებას, საზოგადოების ინფორმირებას და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია/„მედიაჩეკერი“;
- მედია აპრილი;
- ინდიგო;
- ბათუმელები/ნეტგაზეთი;
- აჭარა თაიმსი;
- მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“;
- რადიო „მარნეული“;
- ჩემი ხარაგაული;
- ტვ კავკასია;
- ტაბულა;
- ტვ პირველი;
- On.ge;
- სტუდია „მონიტორი“;
- „ინფო იმერეთი“;
- BMG (Business Media Georgia);
- ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი;
- ფორმულა;
- სამხრეთის კარიბჭე;
- ქუთაისიპოსტი;
- ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი;
- პუბლიკა;
- Chai Khana;
- მაუწყებელი;
- აი, ფაქტი;
- აქცენტი;
- OC Media;
- JAMnews;
- პლატფორმა კაქტუსი;
- Movement;
- ალიქ მედია ჯორჯია;
- პროექტი 64;
- ქართლის ამბები.