საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
რას ედავება ღარიბაშვილს პროკურატურა
გამოძიების ვერსიით, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის და პრემიერის პოზიციებს იკავებდა, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და, ხელფასის გარდა, სხვა ანაზღაურების მიღება, თუმცა ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში „ფარულად და შენიღბულად ეწეოდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავლებს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით ქონებრივ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს მამისგან, ტარიელ ღარიბაშვილისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით ლეგალურ ბრუნვაში მოექცა კერძო ბიზნესიდან მიღებული 830 000 ლარი.
ამის გარდა, გამოძიების ვერსიით, ღარიბაშვილმა 2023-24 წლებში შეიძინა და მამის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარის ორი ავტომანქანა;
მამის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და წარმოადგენდა ღვინის საწარმოს. მოგვიანებით ეს ქონება გადაფორმდა ტარიელ ღარიბაშვილის მიერ დაფუძნებულ შპს „ღარიბაშვილის მარანზე“, სადაც 2023-25 წლებში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3 670 172 ლარი.
პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილმა თანხის ძირითადი ნაწილი უცხოურ ვალუტაში გადაიყვანა, შედეგად მიღებული 6 500 000 აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
უწყება ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონის ოდენობის გირაოს მოითხოვს, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულით, ასევე უძრავი ქონებით.
„აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურა მოითხოვს ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას, როგორიცაა, საქართველოს მოქალაქის პასპორტის სამართალდამცავი უწყებისათვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“, – აცახადებს უწყება.