გზის განმეორებით გადაკეტვისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა - პროკურატურა პატიმრობას ითხოვს

პუბლიკა

გზის განმეორებით გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

უწყება აცხადებს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, 31 ოქტომბერს, იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, რა დროსაც მას სახე ჰქონდა დაფარული და ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზას მაშინ, როდესაც ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა“, – წერია უწყების განცხადებაში.

მენთეშაშვილი 1 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.


ოქტომბერში „ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლმდენი საშუალებების ფლობა, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.

60 დღემდე პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას; ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება აქციის მონაწილეთა ან სხვა პირთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად; იმგვარ აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა;

ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიციის მოთხოვნის მესამედ დაუმორჩილებლობა.