„სპარის“ თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე მანანა გიორგობიანს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

„სპარის“ თანამშრომლებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ გიორგობიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურორ გიორგი დოლაკიძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, რის გამოც, მანანა გიორგობიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა.

პროკურორის პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ მანანა გიორგობიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა.

„არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს…“, – თქვა გიორგობიანმა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჰქონდა დანიშნული.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა თქვა, ის გარემოებები, რაც პროკურატურამ დაასახელა სახეზე არ არის და მანანა გიორგობიანის მხრიდან დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, დაცვის მხარემ სასამართლოს გიორგობიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს ჩაინიშნა. ამავე საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ 5 პირი, მათ შორის, მამუკა ჩარკვიანის შვილი ჯაკო ჩარკვიანი.

მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – აცხადებს პროკურატურა.