ტექნიკური მთავრობის იდეა | რა გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან?

ბასტი მგალობლიშვილი

„სხვა ვერ გადაგვარჩენს. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ გამოსავალი“, – ამ მოწოდებით შეიქმნა სამოქალაქო ინიციატივა „ანტიკრიზისული პლატფორმა“, რომლის პრეზენტაციაც კლასიკური გიმნაზიის წინ 16 ოქტომბერს გაიმართა. 

პლატფორმაში ამ დროისთვის სხვადასხვა სფეროს 100-მდე პროფესიონალი თუ სტუდენტია გაერთიანებული: იურისტები, ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ექიმები, დიპლომატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, კომუნიკაციის სპეციალისტები, ყოფილი საჯარო მოხელეები, IT სფეროს წამრმომადგენლები და ა.შ.  ისინი 10 თვეზე მეტია, იკვლევენ და აანალიზებენ ქვეყნის პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოსვლის გზებს. საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას მოსახლეობის 72% აღიარებს (ISSA, 2025 წლის ივნისი).

„ანტიკრიზისულმა პლატფორმამ“ რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას ასევე წარუდგინა ვებგვერდი CHVENIA.GE. დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, მასზე დარეგისტრირდნენ და შეუერთდნენ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად კი ჯგუფის წევრებს ერთ-ერთ გამოსავლად ანტიკრიზისული, ანუ ტექნიკური მთავრობის იდეა ესახებათ. პლატფორმის ვებგვერდზე მოქალაქეებს ტექნიკური მთავრობის წევრობის კანდიდატთა დასახელებაც შეუძლიათ, თუმცა, როგორც საინიციატიცო ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე ასეთი წამოწყება რეალობად ვერ იქცევა. 

„პუბლიკა“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, პოლიტიკის მეცნიერების მკვლევარ ნინო შარაშიძეს ესაუბრა ახალი პლატფორმის შესახებ, კრიზისის დაძლევის გზებზე, როგორ გამოიყენეს სხვა ქვეყნებში ანტიკრიზისული მთავრობის მექანიზმი და როგორ შეიძლება, ეს გზა დაეხმაროს საქართველოს. 

ნინო ბელგიიდან სატელეფონო ინტერვიუში გვიყვება, რომ პლატფორმის წევრთა დიდმა ნაწილმა ერთმანეთი რუსთაველზე იპოვა. გაერთიანდნენ დათქმით, რომ მხოლოდ რუსთაველზე დგომა საკმარისი არ იყო და საჭირო იყო გამოსავლის ძიება. მისი თქმით, პლატფორმა ამ ეტაპზე ორგანიზაციად არ არის რეგისტრირებული, არც დირექტორი ჰყავს და გადაწყვეტილებებს ჰორიზონტალური პრინციპით, კონსენსუსით იღებენ.

ნინო შარაშიძე

„არასოდეს არ ვყოფილვართ რომელიმე პარტიაში ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესში, ამიტომ აქ ბევრისთვის უცნობ სახეს აღმოაჩენთ.

ჩვენი პლატფორმა აბსოლუტურად ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენს პრინციპებსა და ფასეულობებს. პირველი ასეთი პრინციპი და ფასეულობა – ქვეყანა უპირველეს ყოვლისა. აქ არ არის არანაირი პირადი, პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა ინტერესები. არავინ არ არის ჩვენთან მ მიზნით, რომ პოლიტიკაში მოვიდეს, კარიერა გაიკეთოს და ასე ემდეგ. კი არ ვამბობ, რომ რამე ცუდია ამაში, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ ახლა ამის დრო არ არის“, – ამბობს ნინო შარაშიძე.

თქვენ თვეების განმავლობაში იკვლევდით კრიზისიდან გამოსვლის გზებს, როგორ მიხვედით ტექნიკური მთავრობის იდეამდე, როგორ განსაზღვრავთ ამ ტერმინს?

ჩვენ ვუწოდებთ ანტიკრიზისულ მთავრობას, რადგან, რეალურად, ტექნიკური მთავრობის განმარტება ე არის და უფრო ადვილი გასაგებია საზოგადოებისთვის. ტექნიკური მთავრობა მოდის კრიზისის დროს. რატომღაც, ხშირად ეშლებათ ხოლმე გარდამავალ მთავრობაში.

ბევრი სხვა ინიციატივა განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და მივხვდით, რომ დღევანდელ მოცემულობაში ზუსტად ეს არის ის მოდელი [ტექნიკური მთავრობა], რომელიც ერგება ყველას და რაც ყველაზე მთავარია, გააერთიანებს საზოგადოებას. პარტია რაც არ უნდა კარგი სახეებით დაკომპლექტდეს, რაც არ უნდა კარგი პროგრამა ჰქონდეს, მაინც ვიღაცას გამორიცხავს. პარტიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს იდეოლოგია. ამ იდეოლოგიას ვიღაც იზიარებს, ვიღაც – არა… პარტია გულისხმობს აუცილებლად ძალაუფლებისთვის ბრძოლას, რაც არ არის ცუდი, რადგან შეიძლება, ძალაუფლება გინდოდეს კარგი მიზნებისთვის, მაგრამ გულისხმობს იმასაც, რომ „მე ვიბრძვი ძალაუფლებისთვის“.

დავიწყეთ სხვა ქვეყნების მაგალითების შესწავლა – რა გამოსავალი ნახეს კრიზისისა და პოლარიზაციის დროს, პარტიებისა და პოლიტიკოსების მიმართ დაბალი ნდობის პირობებში. არ გვინდოდა ველოსიპედის გამოგონება და ზუსტად ვიპოვეთ ანტიკრიზისული მთავრობა, საერთაშორისოდ ცნობილი, როგორც ტექნიკური მთავრობა. დაახლოებით 10 ქვეყანას აქვს მსგავსი გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული შემთხვევა იყო და განსხვავებული გზა გაიარა თითოეულმა, საერთო რაც ჰქონდათ, იყო მწვავე კრიზისი და პარტიებისადმი უნდობლობა ან ძალიან დაბალი ნდობა. 

რომელ ქვეყნებში გამოიყენეს ტექნიკური მთავრობის ინსტურმენტი? რა აჩვენა მათმა გამოცდილებამ?

იტალია, ნიდერლანდები, ავსტრია, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, მოლდოვა. უკრაინასაც ახსენებენ ხოლმე, მაგრამ ეს არ არის მთლად კლასიკური შემთხვევა… – ეს ის ქვეყნებია, სადაც პრაქტიკაში გამოიყენეს ანტიკრიზისული მთავრობა. იტალიას, მაგალითად, რამდენჯერმე ჰყავდა და საკმაოდ ეფექტიანადაც

მე სულ ვუწოდებ „ხელოვნურ ჩანართს“, ანუ ეს არ არის ნორმალური პროცესის შემადგენელი ნაწილი, ზუსტად მაშინ მიმართავ, როცა ვითარება აღარ არის ნორმალური. ნორმალურ ვითარებაში ვიცით, რომ პარტიები განსაზღვრავენ პოლიტიკურ კურსს. 

ამ მქანიზმის გამოყენების მიზეზების გარდა, შევისწავლეთ, რა ფორმით მოვიდნენ ტექნიკური მთავრობები. ყველას სხვადასხვა გზა ჰქონდა. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობდა სამი ვარიანტი: 

  1. ერთი იყო პოლიტიკური კონსენსუსი, ანუ მთავრობასთან შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები… ანუ შედგა პოლიტიკური კონსენსუსი, რომ საჭირო იყო ტექნიკური მთავრობა.
  2. მეორე გამოსავალი იყო პროტესტის გზით, ანუ როდესაც პროტესტმა მოითხოვა, ხელისუფლება გადადგა და მოიყვანეს ტექნიკური მთავრობა. 
  3. მესამე – არჩევნების გზით. ეს მოდელი, ფაქტობრივად, იგივეა, რასაც სალომე ზურაბიშვილი აპირებდა შარშან, როდესაც პარტიებს მოაწერინა ხელი და სთხოვა, რომ არჩევნების გზით მოეყვანათ ტექნიკური მთავრობა, თუმცა ვიცით, რომ პარტიებ დიდად არ შეუწყვიათ ხელი, რომ ეს საკითხი საზოგადოებამდე მიტანა – რომ მათ და მათ პროგრამებს კი არ ირჩევდნენ, არამედ – ტექნიკურ მთავრობას. ამ პროცესს ხელი შეუშალა იმანაც, რომ ტექნიკური მთავრობის კანდიდატები არ იყვნენ  დასახელებული და საზოგადოებისთვის იყო ბუნდოვანი; ამასთანავე,  საზოგადოების ცნობიერება – არ იცოდნენ, რა იყო ტექნიკური მთავრობა, რას ემსახურება, რატომ არის საჭირო ასეთ დროს და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ სისტემურად, რომ ეს ბუნდოვანება, გაურკვევლობა არ იყოს საზოგადოებაში და ყველასთვის იყოს გასაგები, რას ემსახურება. 

ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს არ ნიშნავს, მაგრამ, თუ რაღაც შეიცვალა, ამ შემთხვევაში შეიძლება, ანტიკრიზისული მთავრობა მოვიდეს რომელიმე პარტიის მხარდაჭერით. პირობითად, შეიძლება, „თავისუფლების მოედანმა“ თქვას, რომ მას თუ აირჩევენ, მოიყვან ტექნიკურ მთავრობას.

ასე მოხდა ლიეტუვაში: ერთ-ერთმა პარტიამ, რომელმაც 2012 წელს 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა, 2016 წლის არჩევნებზე თქვა, რომ მოვიდოდა და მოიყვანდა ტექნიკურ მთავრობას. ამ პარტიამ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო, ნომერ პირველი პარტია იყო… მანამდე ბარიერსაც ვერ ლახავდა. იქაც ორი პარტია იყო, ძირითადად და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მმართველობაში, დაღლილი იყო საზოგადოება ერთი და იმავე სახეებით.

ამ ქვეყნებში ტექნიკური მთავრობა, საშუალოდ, წელიწად-ნახევარი იყო. მხოლოდ ლიეტუვაში  ჰყავდათ ოთხი წელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2 წლამდე იქნება საკმარისი საქართველოს ვითარებაში. მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ ვიაზრებთ იმასაც, რომ პარტიებსაც უნდათ, დაეთმოთ ასპარეზი. თან ახალი სახეებიც ჩნდებიან.

რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს და რა ფორმით დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობის მინისტრთა კაბინეტი?

ჩვენს ვებგვერდზე ყველას აქვს კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა. შემდეგ გამოქვეყნდება ანგარიში კანდიდატთა ვინაობის შესახებ და დასაბუთებ, თუ ვინ და ვინ შეარჩია მათგან საინიციატივო ჯგუფმა. გვაქვს კონკრეტული კრიტერიუმები, ქვეყნის ვითარებიან გამომდინარე – პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ არსებული დაბალი ნდობის გამო, კანდიდატი უნდა იყოს უპარტიო; არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური წარსული; არ იყოს ნამუშევარი მინისტრად და სასურველია – არც მინისტრის მოადგილედ. უნდა იყოს აუცილებლად კომპეტენტური, დარგის მცოდნე, რადგან მას უნდა მივანდოთ კონკრეტული დარგის კრიზისიდან გამოყვანა და სწორ გზაზე დაყენება. მეოთხე კრიტერიუმია რეპუტაცია – დარგის წარმომადგენლებსაც ვეკითხებით და მათ აზრსაც ვითვალისწინებთ. 

მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი – ჩვენ არავის არ ვნიშნავთ, არანაირ ორხელისუფლებიანობას არ ვაწყობთ; უბრალოდ, საზოგადოებას ვეუბნებით, რომ მათაც შეძლია ჩაერთო ამ საინიციატივო ჯგუფში, თავიანთი წვლილი, ცოდნა, გამოცდილება შემოიტანო და ერთად შევთავაზოთ ფართო საზოგადოებას, გავაგებინოთ, რომ პოზიციის და ოპოზიციის მიღმაც შეიძლება არსებობდეს გამოსავალი…

როდესაც საუბარია ტექნიკურ მთავრობაზე, ხშირად ჩნდება ხოლმე შეკითხვები არა მის შინაარსზე ან საჭიროებაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ განხორციელდება პრაქტიკაში. ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორია ტექნიკური მთავრობის მოსვლის სცენარი? საზოგადოება დაასახელებს კანდიდატებს, პლატფორმა შეარჩევს, შემდეგ რა ხდება, რა ნაბიჯები რჩება გასავლელი?

შემდეგ კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა, რადგან ჩვენ არ ვირჩევთ მხოლოდ პიროვნებებს. ვირჩევთ იმიტომ, რომ გვჯერა, მათ აქვთ ის თვალთახედვა და კომპეტენცია, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. 

მხოლოდ ამ ყველაფრის გაცნობის შემდეგ მიეცემა საზოგადოებას მხარდაჭერისაშუალება. ეს მოხდება ონლაინფორმით. ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაქვს… რომ გავიგოთ, რამდენად უჭერს საზოგადოება მხარს… თუ მას ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა, მერე უკვე გასათვალისწინებელი იქნება პოლიტიკური აქტორების მხრიდან, იქნება ეს ე.წ. ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები თუ სხვა. 

თუ ასი ათასობით მხარდაჭერა მიიღო, ე.ი წონიანი ინიციატივაა, რომელსაც საზოგადოება მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში კი შემდეგ უკვე [ზემოთ აღწერილი] სამი გზა.

მთავრია, საზოგადოება ჩამოყალიბდეს, რა სურს. საამისოდ კი უნდა იცოდეს, რა ვარიანტები არსებობს და ჩვენ გვინდა, ეს ვარიანტი შევთავაზოთ – რომ ესეც არსებობს და  ამაზეც იფიქრონ. თუ თქვენთვის ეს მისაღებია და მიიჩნევთ, რომ ეს გამოგვიყვანს კრიზისიდან, ახლოსაა შენს თვალთახედვასთან, მრწამსსა და ღირებულებებთან, მაშინ დაუჭირე მხარი და ვნახოთ, რამდენი ვართ.

დავუშვათ, რომელიმე გზამ გაამართლა – ერთ-ერთმა პარტიამ ტექნიკური მთავრობის დაპირება გასცა, არჩევნების გზით მოიპოვა უმრავლსობა პარლამენტში, დანიშნა ტექნიკური მთავრობა, შემდეგ რა ხდება? იქნება თუ არა კრიზისთან გასამკლავებლად მხოლოდ აღმასრულებელი შტო სკმარისი? იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებებიც… ამ რისკზე თუ გაქვთ ნაფიქრი, რომ პარლამენტმა უარი თქვას ანტიკრიზისული მთავრობის ხედვის გათვალისწინებაზე?

დაზღვევის მექანიზმი არის ხალხის მხარდაჭერა, ვსაუბრობთ დიდ მხარდაჭერაზე (ასიათასების). თან ჩვენ ვიცით, რომ ერთი გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს, ხმები ისე ნაწილდება და ძალიან გაუჭირდება რომელიმეს ამის წინააღმდეგ წასვლა.

თან ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ 4-წლიან მთავრობაზე, 1,5-2 წლით უნდა მოვიდეს, მაქსიმუმ. ამიტომ მეეჭვება პარტიებმა, რომლებიც თავად კრიზისში არიან, ფეხის დადება დაიწყონ. გამოცდილებამაც აჩვენა, რომ ტექნიკური მთავრობის პირობებში პოლიტიკური ველიც ჯანსაღდება. პარტიებს ამ დროის განმავლობაში შეეძლებათ, თავს მეტი დრო დაუთმონ, მოძლიერდნენ შემდეგი არჩევნებისთვის, რადგან ქვეყნის მართვა მათ უნდა გააგრძელონ მას შემდეგ, რაც ანტიკრიზისული მთავრობა თავის მანდატს ამოწურავს. 

ტექნიკური მთავრობის მქონე ქვეყნებიდან რამდენიმე მათგანი, როგორც ჩვენ, საპარლამენტო ქვეყანა იყო. ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც ხელოვნური ჩარევა შემოგაქვს, ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება ანტიკრიზისულ მთავრობას, ანუ ის არის წამყვანი. ჩვეულებრივ შემთხვევაში ხომ ვიცით, რომ პარლამენტიდან და პარტიებიდან მოდის, იდეოლოგიის მიხედვით, რა უნდა გაკეთდეს, ამ შემთხვევაში კი პირიქით არის – თვითონ მინისტრებსაც შეუძლიათ, კანონები დააინიციირონ და პარლამენტმა კენჭი უყაროს. 

გარდა ამისა, შემოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი – ონლაინ კონსულტაციების მეთოდი. ეს არის მონაწილეობითი დემოკრატიის ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ დასავლეთის ქვეყნები. როგორ გამოიყენება: როდესაც მინისტრი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მაგალითად, განათლების მინისტრი აპირებს მანდატურის სამსახური გაუქმებას და ამბობს, რომ არსებული მეთოდი ასეთია და მე ასეთ მოდელს გთავაზობთ, დაინიშნება ონლაინ კონსულტაცია და შეგიძლიათ, გამოთქვათ მოსაზრება. ამ კონსულტაციაზე დარეგისტრირება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს – მშობელს, მასწავლებელს, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას. თითოეული დაწერს თავის კომენტარს ინიციატივაზე, რის შემდეგაც მზადდება ანგარიში. სამინისტრო აქვეყნებს ამ ანგარიშს და ამბობს, რომ პირობითად შევიდა 325 კომენტარი, 5 მშობლისგან, 20 მასწავლებლისგან… ძირითადად წუხილი გამოითქვა ამა და ამ საკითხებზე. ჩვენ ეს გავითვალიწინეთ, რაღაც კი – არა, ამიტომ და ამიტომ, საბოლოო მოდელი გამოვიდა ასეთი. ანუ მთელი პროცესი არის გამჭვირვალე და გაძლევს შესაძლებლობას, ჩაერთო. ეს არის ჯანსაღი მოდელი, რომლის ფუფუნებაც ჩვენ არასოდეს გვქონია. გვინდა, რომ ამ ანტიკრიზისული მთავრობის პირობებში ესეც დაინერგოს, რათა იმავე წრეზე არ დავბრუნდეთ და ისევ არ გათიშული არ აღმოჩნდეს მოქალაქე ამ პროცესებიდან, მარტო საარჩევნო ყუთთან მისასვლელად არ იყენებდნენ იმისთვის, რომ ვიღაცამ ძალაუფლება გაინაღდოს. 

ჩვენ გვქონა გამოცდილება 2022 წელს, როდესაც საპროტესტო აქციების დროს მოითხოვეს ტექნიკური მთავრობა. რა პრობლემა დაინახეთ, რატომ ვერ მოიკიდა ფეხი ამ იდეამ?

კრიზისი არ იყო ისეთი მწვავე, როგორიც ახლა. საზოგადოება ვერ ხედავდა ამ ხელოვნური ჩანართების საჭიროებას, არ იყო ამდენად გამძაფრებული და ველი ისე მოთავისუფლებული, რომ ამ ინიციატივას გაემარჯვა. ასევე, საზოგადოების ინფორმირება იყო საკმაოდ დაბალ დონეზე. 

როგორ გეგმავთ, მიწვდეთ ფართო საზოგადოებას და გაზარდოთ ჩართულობა?

ძალიან დიდი იმედი გვაქვს მედიამხარდაჭერის… ჩვენი პრეზენტაციაც იმას ემსახურებოდა, რომ რუსთაველზე მდგომი საზოგადოებისთვის გვეცნობებინა, რომ აქ ვართ, ასეთი ინიციატივა გავქვს და შემოგვიერთდით. ამ ჯგუფში 100-მდე ადამიანი ვართ, ჩვენ ვავრცელებთ ამ სიტყვას, ველოდებით, რომ თუ უფრო მეტნი ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად გავრცელდება. არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდანაც გვყავს ადამიანები. მედიაშიც ვეცდებით, აქტიურად გამოვჩნდეთ.

ანტიკრიზისული მთავრობა არის კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი ფორმა, ხომ არ გაქვთ შინაარსობრივი ჩარჩოც, რომელსაც შერჩეული კანდიდატები უნდა გაყვნენ, მაგალითად, ევროკომისიის რეკომენდაციები თუ სხვა?

სწორად აღნიშნეთ, 12 რეკომენდაციიდან 9 იყო დარჩენილი და ახლა შეიძლება, 12-ზე მეტიც იყოს შესასრულებელი. ეს პრინციპშიც გვიწერია, რომ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ ევროკავშირის სტანდარტებით. ანტიკრიზისული მთავრობა იმისთვისაც არის საჭირო, რომ ევროინტეგრაციის ეტაპი დაჩქარდეს. რაგან როდესაც პარტიების მონაწილეობით ხდება და თან იქ კოალიციის ჩამოყალიბება უჭირთ, მინისტრების გადანაწილება, ერთმანეთში მუდმივად დისკუსია, მსჯელობა დროში იწელება. 

რამე სიურპრიზი რომ არ იყოს საზოგადოებისთვის, კანდიდატებს ვთხოვთ, რომ თავიდან გაგვაცნონ თავიანთი ხედვ და თან შეჯერებული უნდა იყოს ისინი. ისე რომ არ მოხდეს, ერთი მინისტრობის კანდიდატი ერთს გაიძახოდეს და მეორე – მეორეს, სინერგიაში უნდა იყოს მოქცეული. ამ კუთხითაც დაწყებული გვაქვს მუშაობა, როგორ და რა ფორმით წარვუდგინოთ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა და თვალთახედვა.

თქვენ ახსენეთ, რომ პირველ რიგში საზოგადოებასთან არის საჭირო კომუნიკაცია და ჯერ არ გქონიათ კომნიკაცია რომელიმე პარტიასთან. თუ გყავთ მხარდამჭერები პოლიტიკურ წრეებში? გაქვთ თუ არა ფინანსური მხარდაჭერა და საიდან?

ფინანსურად არანაირი მხარდაჭერა არ გაგვაჩნია, ეს პრინციპულიც იყო ჩვენთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ვიღაც თუ ასე შემოვა, თავისი ინტერესები ექნება. ამიტომ ადამიანური რესურსი სადაც საჭიროა, ვებგვერდის გაკეთება, ლოგო, ფოტო და ვიდეოგადაღება, ინტელექტუალური რესურსი, ანალზი, კომუნიკაცია, ეს ყველაფერი გვაქვს ენთუზიაზმზე. ჩვენ ბევრ სფეროს რომ ვაერთიანებთ, ყველა თავისით გვეხმარება და თავისი წვლილი შეაქვს. მაგალითად, პრეზენტაციისთვის რომ აპარატურის დაქირავება დაგვჭირდა, პლატფორმაში ჩვენ თვითონ შევაგროვეთ თანხა. არც ორგანიზაციად არ არის პლატფორმა რეგისტრირებული და არც ვაპირებთ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. თუ დავინახავთ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს უჭერს, მერე, რა თქმა უნდა, დაიგეგმება ორგანიზაციული მოწყობაც.

სიცხადისა და ლაკონიურობისთვის ინტერვიუ დარედაქტირდა, თუმცა საუბრის არსი შენარჩუნებულია უცვლელად.