სირიის პრეზიდენტი, აჰმედ შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა 

პუბლიკა

დღეს, 9 ნოემბერს სირიის პრეზიდენტი, აჰმედ შარაა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა – 2 დღით ადრე აშშ-მა მას ტერორისტის სტატუსი მოუხსნა.

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ შარაა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად კალათბურთს თამაშობს.

ყოფილი სამხედრო პრეზიდენტ თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

11 თვის წინ მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ამბოხებულთა ჯგუფმა სირიის დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი აიძულა, ქვეყნიდან რუსეთში გაქცეულიყო.

აშშ-ში აჰმედ შარაას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სირიის უსაფრთხოების სამსახურებმა „ისლამური სახელმწიფოს” ათობით წევრი დააკავეს – კერძოდ, 71 ადამიანი, ასევე ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

შარაასა და ტრამპს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, სირიაში ტერიროსტული დაჯგუფების დარჩენილი წევრების წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის საკითხი იქნება.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შარაა ცდილობს, სირიის რეჟიმი საერთაშორისო ასპარეზზე დააბრუნოს მას შემდეგ, რაც ასადების ოჯახის რეჟიმის გამო ქვეყანა იზოლაციაში იყო, ხოლო 13 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა.

აჰმედ შარაა აშშ-ში სექტემბერშიც იმყოფებოდა, როცა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ „სირიას მსოფლიოს ერებს შორის თავისი კუთვნილი ადგილის დაბრუნება“ სურს და საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების მოხსნისკენ მოუწოდა.

კვირის დასაწყისში გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მხარი დაუჭირა აშშ-ის რეზოლუციას სირიისთვის სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ემთხვევა ვაშინგტონის განგრძობად პროცესს სირიისთვის სანქციების ეტაპობრივად შემცირების შესახებ.

ტერორისტების სიიდან შარაა სირიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ანას ჰასან ხატაბთან ერთად ამოიღეს – სიაში შარა მუჰამედ ალ-ჯავლანის სახელით იყო მოხსენიებული, ფსევდონიმით, რომელსაც ის „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ (HTS) ლიდერობის დროს იყენებდა. დაჯგუფება 2016 წლამდე „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული, შემდეგ კი შარაამ მათთან კავშირი გაწყვიტა.