საბა სხვიტარიძის განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა

პუბლიკა

საბა სხვიტარიძის განაჩენი სააპელაციომ ძალაში დატოვა, – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში სხვიტარიძისთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, სხვიტარიძის მხარე მის უდანაშაულოდ ცნობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.

თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა – სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

„შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ობიექტური და სამართლებრივი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავდა საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე.

შედეგად, საბა სხვიტარიძე დანმაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის – რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის ქმედება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცირა, დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა გამოყენებულ ფორმულირებას და მოითხოვდა გამამართლებელი განაჩენის უალტერნატივოდ გამოტანას.

რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“

სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთაც ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი. როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.

დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.

მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.