2025 წლის 2 სექტემბერს Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე მესამე მხარის წერილობითი პოზიცია წარადგინა.
საია წერს, რომ ორგანიზაციის თნახმად, იმისათვის, რათა ხელისუფლებამ არ შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებმა ხელი უნდა შეუწყონ ამ შეზღუდვების ბორიტად გამოყენების წინააღმდეგ მკაცრი კრიტერიუმების ჩამოყალიბებას.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც, თითქოსდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, მიღებული კანონები, არსებითად ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას დაფინანსების წყაროებზე.
სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ვკითხულობთ:
„სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანების უფლება გულისხმობს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იძიებს, იღებს და იყენებს რესურსებს, რითაც, არა მხოლოდ, ინარჩუნებს სამოქალაქო სექტორის მრავალფეროვნებას, არამედ დამოუკიდებელია იმ კონტროლისგან, რომლის ქვეშაც შესაძლოა აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, შეუძლია განახორციელოს თავისი მიზნები შეუფერხებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმიანობა უკავშირდება სახელმწიფოს კრიტიკას, განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვას ან ადამიანის უფლებების დარღვევის დაგმობას.
კანონები, რომლებიც ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წვდომას უცხოურ დაფინანსებაზე, არ უნდა ეფუძნებოდეს თვითნებურ, ბუნდოვან და მასტიგმატიზებელ ტერმინებს, რომლებიც არღვევენ კანონიერების პრინციპს, არ უნდა ქმნიდნენ გაურკვევლობასა და მძიმე ტვირთს ორგანიზაციებისთვის. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ მიზნის ლეგიტიმურობას, რომელსაც ასეთი შეზღუდვები ემსახურება, რათა აღიკვეთოს ავტორიტარული პრაქტიკის ტენდენცია, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვას.
ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული ერთ ან რამდენიმე ლეგიტიმური მიზნის მკაცრი დაცვისკენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აწესებს შეზღუდვებს იმ არგუმენტით, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაიცავს ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. თუმცა, სახელმწიფო ვერ ამტკიცებს რეალური საფრთხის არსებობას და წინასწარ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისადმი უნდობლობას გამოხატავს, რითაც იქმნება რისკი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეეზღუდებათ თავისუფლად და უსაფრთხოდ საქმიანობა”.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა.
სტრასბურგმა რუსულ კანონზე მედიებისა და არასამთავრობოების საჩივრის განხილვა 2025 წლის 27 მარტს დაიწყო – სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.
რუსული კანონის წინააღმდეგ მესამე მხარედ ასევე ჩაერთო ვენეციის კომისია, საერთაშორისო ორგანიზაცია Media Defence, „თავისუფლების დაცვის საერთაშორისო ალიანსი“ (Alliance Defending Freedom International-მა – ADF International) და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.