„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაუგრძელა.
„ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს! სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი. სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – არ შეეცვალოს!
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს – დააკავეს სიტყვის გამო. ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის! სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს – არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას”,- წერს ლაშა ტყეშელაძე.
15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს 2 თვით პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა.