საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში თვალზე ოპერაციის გასაკეთებლადაა წასული. ახვლედიანი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ინფორმაცია რიჟვაძის ოჯახის წევრებისგან აქვს და მასთან პირადად არ უსაუბრია, რადგან აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს მობილური ტელეფონი ისევ არ აქვს.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა… და მეორე ოპერაციისთვის წავიდნენ გერმანიაში. საცხოვრებლად არავინ არ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ წავიდა სხვა კლინიკაში გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს. პირველი ოპერაციის მერე კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. [დაბრუნებას] აპირებდა, იმიტომ, რომ პირველი ოპერაციის მერე დარწმუნებული ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა და აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და ამიტომ დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში“, – ამბობს ალექსანდრე ახვლედიანი „ტვ პირველთან“.
რაც შეეხება თავშესაფარს, ახვლედიანი ამბობს – „მსგავსი არაფერი მსმენია და რატომ უნდა მოითხოვოს, იმასაც ვერ ვხვდები“.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში 7 ივლისს გადაიყვანეს. 9 ივლისს კი თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
პროკურატურის განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებით გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელშიც ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მისი ოჯახის დაცვა სთხოვა.
გარდა ამისა, პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ მისი თვითმკვლელობის მცდელობის „მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც“.
თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის საქმე – გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.