თბილისის მერი, კახა კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე ამბობს, რომ „ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო, თუმცა რეალურად, აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში და გააგრძელებს ამ ფორმით მუშაობას“.
„ზოგადად, რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ მხრივ არის მოწინავე, გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ყველა შეფასებით, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ყველა საუბრობს იმაზე, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს, მიიწევს წინ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით სვლა“, – ამბობს კალაძე.
შეკითხვაზე, ახსენდება თუ არა ერთი ფაქტი, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოავლინა, კალაძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, არ დავინტერესებულვარ ამით. ჩემი საქმით ვარ დაკავებული, ჩემი საქმე მაინტერესებს, ეს არის პრიორიტეტი, რას გავაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის“.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს“, – თქვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამასთან, გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
რეკომენდაციებში ერთ-ერთი ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერებას გულისხმობს.
კერძოდ, ევროკომისია რეკომენდაციებში წერდა, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სერვისის და მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამ უწყებებთან დაკავშირებით. შექმნან ძლიერი გამოცდილება კორუფციული საქმეებისა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებაში.
როგორც „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2023 წელს, რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია შეასრულეს, მათ შორის, „ოცნებამ“ შექმნა ანტიკორუფციული ბიურო და „მისი ხელმძღვანელის შერჩევა მოხდა გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცედურით“.