ემიგრანტების გაერთიანება Earthoba: მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მხარი დაგვიჭირონ

პუბლიკა

ემიგრანტების გაერთიანება Earthoba განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

ემიგრანტები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო ბერკეტი მათ  მხარდასაჭერად. მათი შეფასებით, ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა „დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორია“.

„ჩვენი ხმა – ჩვენი სახელმწიფოა! ჩვენი არჩევანი – ჩვენი უფლებაა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით! ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას და არა პრივილეგია!

სამართლებრივი არგუმენტები:

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 5 (2): სახელმწიფო უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვას.
მუხლი 28 (1): საქართველოს მოქალაქეს აქვს ხმის მიცემისა და არჩევის უფლება.
მუხლი 28 (2): ხმის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კონსტიტუციით მკაფიოდ განსაზღვრული შემთხვევებით – ტერიტორიული საფუძველი ან უცხოეთში ყოფნა ასეთი შეზღუდვის საფუძველი არ არის.
მუხლი 29 (1): ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და არ შეიძლება დისკრიმინაცია სოციალური ან სხვა სტატუსის საფუძველზე, მათ შორის – საცხოვრებელი ადგილით.
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
მუხლი 7: საგარეო რაიონში შექმნილი უბნები სრულფასოვანი საარჩევნო უბნებია.
მუხლი 8: საელჩოებში, საკონსულოებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ორგანიზებული არჩევნები არის სახელმწიფოს ვალდებულება.

საერთაშორისო სამართლის ნორმები:

ICCPR – სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი

მუხლი2 : სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს ყველა უფლების რეალიზება დისკრიმინაციის გარეშე საცხოვრებელი ადგილის საფუძველზე.
მუხლი 25(b) : ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს და იქნეს არჩეული „განსხვავების გარეშე“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (პროტოკოლი №1, მუხლი 3)

სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნები ისე, რომ არ შეიზღუდოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლება არასამართლიანი ან დისკრიმინაციული კრიტერიუმით.

ვენის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენცია

მუხლი 21-22 : საელჩოებისა და საკონსულოების შენობებს აქვთ ექსტერიტორიული სტატუსი, ანუ იქ მოქმედებს მიმღები სახელმწიფოს ნაცვლად წარმგზავნი სახელმწიფოს – საქართველოს იურისდიქცია.

მივმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს – ევროკავშირს, ევროპარლამენტს, აშშ-ს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინტიტუციებს – გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანიმართული დარღვევა, ადამიანის ფუნდამენტალური უფლების გათელვა და მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების სისტემური დემონტაჟია, რადგან ჩვენი ხმა არის საქართველოს სახელმწიფო!

საქართველოს დიასპორა ქვეყნის განუყოფელი ნაწილია! ჩვენ ბევრი ვართ! ჩვენ ყველგან ვართ! ჩვენს ხმას ვერავინ ჩაახშობს!“, – ნათქვამია განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც „კარგად აჩვენა რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან“.

პაპუაშვილის აზრით, ამ მხრივ ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, „რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან“ და სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციებს.

„ოცნების“ პოზიციაა, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს“.

„არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა, ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში“, – ამბობს პაპუაშვილი.