თორნიკე ზურაბაშვილი: „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ შექმნით სეპარატისტებისთვის ლეგიტიმცია არ მიუციათ

პუბლიკა

პოლიტიკის მკვლევარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი თორნიკე ზურაბაშვილი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლითაც უქმდება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“.

ზურაბაშვილი პასუხობს „ქართული ოცნების“ არგუმენტებს, რომლითაც მათ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დაასაბუთეს.

მკვლევარი წერს:

„ოცნება“ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციის შექმნამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა.

ტყუილია. არავითარი ლეგიტიმაცია ამ ნაბიჯით სეპარატისტებისთვის არ მიუციათ. პირიქით. ვინც სეპარატისტი იყო, სწორედ მის საწინააღმდეგოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ამ რეგიონში 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებდა ცენტრალური ხელისუფლებისადმი განდგომილი და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელსაც 2001 წლიდან მართავდა ედუარდ კოკოითი, ხოლო მანამდე – ყოფილი ფუნქციონერი, ლუდვიგ ჩიბიროვი. სწორედ ეს დაჯგუფება აკონტროლებდა ქალაქ ცხინვალს, ზნაურისა და ჯავის რაიონების უდიდეს ნაწილს, აგრეთვე ცხინვალის რაიონს სანახევროდ (მთლიანად, რეგიონის ტერიტორიის დაახლოებით 60%-ს). იქ იმართებოდა არჩევნები და ამ არჩევნებზე არჩეული ლიდერები რეგიონის სახელით საუბრობდნენ.

ყოფილი ავტონომიური ოლქის დანარჩენ ტერიტორიებზე (ზნაურის რაიონის ნაწილი (ფრონეს ხეობის სოფლები), ცხინვალის რაიონის ნაწილი (დიდი და პატარა ლიახვის ხეობები), ახალგორის რაიონის ნაწილი (ქსნის ხეობის ზონა) კონტროლი თბილისის მიერ ხორციელდებოდა, თუმცა, იქ რეგიონული დონის რაიმე ორგანო 2006-2007 წლებამდე არ ფუნქციონირებდა. ამ ფონზე, პრაქტიკულად არ ისმოდა იქაური ქართული და თბილისისადმი კეთილგანწყობილი ოსი მოსახლეობის ხმა. არსებობდა ცენტრალური ხელისუფლება საკუთარი წარმომადგენლებით ადგილზე და რეგიონის ხელისუფლება სეპარატისტული განწყობებით.

სწორედ ამ ვითარების შესაცვლელად შეიქმნა ე.წ. ალტერნატიული მთავრობა. ჯერ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები (რომელიც, სხვათა შორის, ფორმალურად თბილისს არ უღიარებია) და ამ არჩევნების საფუძველზე, ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში („ყოფილი“ იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ, 1990 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა) შეიქმნა „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“. მის მეთაურად კი, დაინიშნა ყოფილი სეპარატისტი, დიმიტრი სანაკოევი.

„ოცნება“ ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესების „აშკარა და მძიმე ღალატი იყო“.

აქაც გვატყუებენ. ეს ნაბიჯი თბილისის მიერ ცხინვალის რეგიონში არსებული სტატუს კვოს მისთვის სასიკეთოდ შეცვლის მცდელობა იყო. სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს.

ამ გადაწყვეტილების შედეგად ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ორი პოლიტიკური ცენტრი გაჩნდა; ერთი, პროქართული ადმინისტრაცია დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით ცხინვალის რაიონის სოფელ ქურთაში, და მეორე, პრორუსული მთავრობა, ედუარდ კოკოითის ხელმძღვანელობით ქალაქ ცხინვალში. გადაწყვეტილების მიზანი იყო ორმაგი:

1) დაფიქსირებულიყო, რომ ადგილზე პროქართული ძალებიც არსებობენ, მათ შორის ეთნიკურად ოსებში.

2) ეთნიკურად ოსებს გასჩენოდათ ნდობა ქართული მხარის მიმართ და შედეგად, შემცირებულიყო კოკოითის ხელისუფლებისადმი ბმა.

მე არ ვიცი, ამაში რა არის „აშკარა და მძიმე ღალატის“ შემცველი. თუ სახელმწიფო ინტერესებში რუსეთის ინტერესებს გულისხმობენ, კი, ბატონო, ასეა – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობა ნამდვილად არ იყო რუსეთის ინტერესებში.

„ოცნება“ ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო.

ეს ამბავიც ტყუილია. არავითარი გარე ძალები ამ პროცესში არ ჩარეულან, გარდა ერთისა და ეს ერთი რუსეთია. სწორედ მან გამოდევნა ამ რეგიონის ძირძველი მოსახლეობა, მოკლა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა მათი სახლები და დღემდე არ აძლევს საკუთარ კარ-მიდამოში დაბრუნების უფლებას.

„ოცნება“ ამბობს, რომ იმდროინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად იქცა 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და რეგიონის ოკუპაციისთვის. აქვე ამატებენ, რომ რომ არა ახალგორის „დროებით ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულთან“ მიერთება, ახალგორი დღესაც თბილისის კონტროლირებული იქნებოდა.

ესეც სიცრუე. ჯერ ერთი არსად არავის არაფერი მიუერთებია. კი, არჩევნები ახალგორშიც ჩატარდა, მაგრამ თავად სანაკოევიც ამბობს წულუკიანის კომისიაზე, რომ მას არავითარი ზეგავლენა არ ჰქონდა ცხინვალის რეგიონის „ქართულ ზონაში“ არსებულ მუნიციპალიტეტებზე.

აქვე, შეგახსენებთ, რომ ახალგორის დასავლეთ ნაწილი, ე.წ. წინაგარა-ორჭოსანის ზონა, 1990-იანი წლებიდან „ლენინგორის რაიონის“ სახელით იმართებოდა სეპარატისტული მთავრობის მიერ. „ლენინგორის რაიონი“ შედიოდა მათ 2008 წლამდელ კონსტიტუციაში. რაიონი სრული საზღვრებით იყო მოხაზული მათ მიერვე გამოცემულ რუკებზე. ამიტომ, იმის თქმა, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ სეპარატისტებსა და რუსებს ახალგორის წაღების საბაბი მისცა, ან უბრალოდ უცოდინარობაა, ან მავნებლობის უკიდურესი დონე.

იქნებოდა თუ არა ახალგორი ყოფილი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ამას რუსეთისთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი მის საბჭოთა საზღვრებში აღიარა და აქ 2006-2007 წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს არავითარი გავლენა არ ჰქონია.

„ოცნება“ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების მიერ „სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ღალატი.

კი, ბატონო. არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ, თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. ოღონდ, ამას მე ოცნებისგან ვერ მივიღებ.

პარტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა საარჩევნო პროგრამაში თავად ახსენებს ტერმინ სამხრეთ ოსეთს, ხოლო მისი მთავრობა ამავე სახელით ინახავს და აგრძელებს ადმინისტრაციას, მომკალით და მის გულწრფელობას ვერ დავიჯერებ.

თუ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება იყო, ეს 13 წელი სად ბრძანდებოდით?

პირველ ფოტოზე ხედავთ 2008-მდელ ვითარებას ცხინვალის რეგიონში (ღია ფერი აღნიშნავს თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიებს), ხოლო მეორე ფოტოზე – სეპარატისტების მიერ 2007 წელს შედგენილ რუკას.

ფოტო N1

ფოტო N2