„ქართული ოცნების“ საარჩევნო კოდექსის განახლებას გეგმავს. ახალი რედაქციის მიხედვით, კენჭისყრის ოთახში ფოტო/ვიდეოგადაღება აუდიოჩაწერის გარეშე იქნება დაშვებული.
„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისათვის/საარჩევნო კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება“, – წერია კანონპროექტში.
განმარტებით ბარათში საკითხთან დაკავშირებით ვკითხულობთ, რომ: „კანონპროექტის თანახმად დგინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო/ვიდეოგადაღება არ გულისხმობს აუდიომონიტორინგს“.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ კენჭისყრის შენობა არის შენობა ან შენობის ნაწილი, რომსლშიც კენჭისყრის ოთახია. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია 17 ნოემბერს დარეგისტრირდა „ოცნების“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს „ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს, რომელმაც თქვა:
„ჟურნალისტებს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი აქვთ, სრულად გადაღება აქამდეც არ იყო შესაძლებელი და არც ინტერვიუების ჩაწერა საარჩევნო უბნებზე არ იყო გათვალისწინებული მოქმედი საარჩევნო კოდექსითაც. ჟურნალისტებს თუ აქვთ სურვილი, რომ კადრები აიღონ, შეუძლიათ, დადგნენ, კადრები აიღონ, ხოლო თუ ინტერვიუს ჩაწერის სურვილი აქვთ, კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ საარჩევნო უბნის გარეთ და ვისთანაც უნდათ, იმ ადამიანთან ჩაწერონ ინტერვიუ“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, საარჩევნო უბნიდან მედიამ უხმო კადრები უნდა გაავრცელოს თუ არა, გორდულაძე პასუხობს – „დიახ“. მისი განმარტებით, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ან ზოგადად პერსონალური მონაცემების დარღვევა შეიძლება მოხდეს, როდესაც ხმის ჩაწერა ხდება.
„დიახ, მარტივად. ახლაც ინტერვიუს ჩაწერა საარჩევნო უბანზე მოქმედი კანონმდებლობით არის აკრძალული. ინტერვიუს ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უბნის გარეთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს ხელი ეშლება მოქალაქეს, თავისუფალი ნება დააფიქსიროს“, – ამბობს გორდულაძე.
„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური განახლება გახდა საჭირო, რადგან მოქმედი კოდექსი 14 წლის წინაა მიღებული და მასში 100-ზე მეტი ცვლილებაა შესული.
დაგეგმილი ცვლილებებით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეები არჩევნებში ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ. „ოცნება“ ამტკიცებს, რომ „აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს საზღვარგარეთ თავისუფალი ნების გამოვლენის ხელშეშლის პრევენციას“. გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებულია არაერთი ცვლილება, მათ შორის, ზუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, ფოტო/ვიდეოგადაღების წესები, იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები და სხვა.