უზენაესმა სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს განსახილველად დასაშვებობის კრიტერიუმებს.
უზენაესი სასამართლო განჩინებაში წერს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი ოკმელაშვილის მსჯავრდების შესახებ. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება როგორც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, დაცვის მხარის უფლებები, მათ შორის მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, დაცვის მხარისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის გზით რაიმე ფორმით არ დარღვეულა და არ შეზღუდულა – დაკმაყოფილდა დაცვის მხარის არაერთი შუამდგომლობა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინათ თავიანთი მტკიცებულებები სასამართლოსთვის, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში, ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები.
„მთელი სამართალწარმოების პროცესში დაცვის მხარეს საშუალება ჰქონდა, ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები, მოეპოვებინა და წარმოედგინა საკუთარი მტკიცებულებები, თუმცა …2024 წლის 3 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მოითხოვა, უდავოდ ყოფილიყო ცნობილი ბრალდებისა და დაცვის მხარეების მიერ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად ყველა მტკიცებულება… უშუალოდ მსჯავრდადებული მთელი სამართალწარმოების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაცვის უფლებით… სრულად იყო უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება…“, – წერს უზენაესი სასამართლო.
„..ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ოკმელაშვილის ასეთი ქმედება ცალსახად ადასტურებს მის უარყოფით განწყობას სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ და ქმნის სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილით [პოლიციელზე თავდასხმა] – გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას“, – წერია განჩინებაში.
ოკმელაშვილის ადვოკატი, კობა ბარამია მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად არ შეაფასა დაცვის მხარის არგუმენტები და აბსოლუტურად ტენდენციურად წარმოაჩინა საქმის ვითარება.
ოკმელაშვილის წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში სწრაფი მართლმსაჯულებისა და საკუთრების უფლების დარღვევაზე მიუთითებდა, ასევე აპელირებდა, რომ საქმეში იყო პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებები, არაავთენტური ექსპერტიზის დასკვნები და ინტერესთა კონფლიქტის საკითხები.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმით მუხლით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის 2024 წლის 15 მაისიდან ციხეშია.