ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალწლიან „კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.

„მოხარულები ვართ, რომ დინამიკურად ვითარდება ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. რა თქმა უნდა, მაღალი დონის ვიზიტების ხშირი გაცვლაც ამის დასტურია. მადლობას გიხდით საქართველოში ჩამობრძანებისთვის, თქვენი პირადი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სხვადასხვა სფეროში.

გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა სომხეთის მთავრობასთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ დინამიკით, ამ ტემპებით ჩვენ ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სომხეთის პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებას თბილი მიღებისთვის. გუშინ ჩამოვედი და ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს სულ აქ ვიყავი. ამას განაპირობებს ჩვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღება და ის გარემო, რომელიც აქ შეგვიქმნეს.

დარწმუნებული ვარ, ეს ასევე განპირობებულია ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და თქვენი პირადი ურთიერთობებით, სანდო პარტნიორობით და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი დონის შეხვედრები ამყარებენ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე გვიქმნიან ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაღრმავებას. დარწმუნებულები იყავით, რომ სომხური მხარის განწყობებსა და მიდგომებში ვერანაირი ცვლილება ვერ იქნება.

ჩვენი ერთობლივი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, შიდა პოლიტიკური მდგრადობა. ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობა საქართველოშიც და სომხეთშიც დააფასებს მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისკენ“, – განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.

სომხეთის პრეზიდენტი გუშინ, 19 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსაც შეხვდა.

ყაველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ყურადღება გაამახვილეს სწრაფად ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის პირობებში რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.