ზელენსკის აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პროექტის ტრამპთან განხილვა სურს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ამერიკული მხარის აზრით, დიპლომატიის გააქტიურება შეუძლია – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ზელენსკი მოელის, რომ მუახლოეს დღეებში დონალდ ტრამპთან განიხილავს არსებულ დიპლომატიურ შესაძლებლობებს და გეგმის ძირითად პუნქტებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები გამოკვეთა „და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ გეგმის პუნქტებზე, რათა უზრუნველვყოთ ომის ღირსეული დასრულება“.

განცხადებაში არ წერია რა ფორმით მიიღო ზელენსკიმ გეგმის პროექტი. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა აშშ-ის არმიის მდივანს და გენერლებს.

ადმინისტრაციის განცხადებითვე, რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველივე წუთებიდან უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და მხარს უჭერს  „ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის დამყარება“.

„წლის დასაწყისიდან უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს სისხლისღვრის დასრულების შესახებ. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული მუშაობა ამერიკულ მხარესთან და ჩვენს პარტნიორებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარების 28-პუნქტიანი გეგმას, რომელიც საიდუმლოდ შემუშავდა თეთრ სახლში რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან კონსულტაციით.