ვინ ეკითხება მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია - პაპუაშვილი EU-სთან დიალოგის გადადებაზე

პუბლიკა

„ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გადადებას. ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო. პაპუაშვილის აზრით, ბრიუსელი დიალოგს გაექცა, რადგან „ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა“ მის „ცრუ ნარატივებს“.

„მზად იყო დელეგაცია რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში. მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზეც დღეს ბრიუსელი დგას, ის დეზინფორმაცია, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს, ამ დეზინფორმაციებზე არგუმენტირებული პასუხი გაეცა. სინამდვილეში, გაექცნენ ზუსტად ამ დიალოგს ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ასე ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს.

ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი. ძლიერს არ ეშინია დისკუსიის. ყველა შემთხვევაში ხედავთ, რომ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ რადიკალური აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიის და მსჯელობის, მსჯელობას გაურბიან სუსტები. რაც შეეხება საბაბების ძიებას, რომ თითქოს ვიღაც იყო მისთვის მიუღებელი, დელეგაცია, ჯერ ერთი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს, როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. მათ თუ სურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს და მეორე, ვინ გვეუბნება ამას, ბრიუსელი?! სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ“, – თქვა „იმედის“ ეთერში შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ინფორმაცია თავდაპირველად 18 ნოემბერს ონლაინგამოცემა „რეალპოლიტიკამ“ გაავრცელა. „რეალპოლიტიკის“ ცნობით, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.

ინფორმაციას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ „21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიდო „სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით“.

19 ნოემბერს ტელემედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირი, რომელიც დელეგაციაში იყო „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძეა. დარახველიძემ არ უარყო, რომ დელეგაციაში შედიოდა, თუმცა თქვა, რომ გაუგებარია რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.