Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა

პუბლიკა

Axios-მა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი გამოაქვეყნა.

გეგმას 28 პუნქტი აქვს, რომელიც, სხვა რამეებთან ერთად, მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის ხაზის გაყინვას უკრაინის არმიის შემცირებას და რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას.

გეგმისვე თანახმად, დონეცკის ოლქის იმ ადგილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და ეს ზონა ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად ჩაითვლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება, როგორც რუსეთის შემადგენლობაში მყოფი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე თქვა, რომ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს. ამავე დროს, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან გეგმის განხილვა სურს.

Axios-ის თანახმად, გეგმაში ნახსენებია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. თუმცა, არ არსებობს კონკრეტიკა. მასში უბრალოდ ნათქვამია, რომ, თუ მოსკოვი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, მის წინააღმდეგ აღდგება როგორც ყველა სანქცია, ასევე იქნება „გადამწყვეტი, კოორდინირებული სამხედრო პასუხი“.

უკრაინას კონსტიტუციაში მოუწევს, ჩაწეროს, რომ არ გახდება NATO-ს წევრი. იმავეს გაკეთება მოუწევს ალიანსსაც თავის წესდებაში ჩაწერით. NATO-ს ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. გეგმაში ასევე წერია, რომ კიევს აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება აქვს.

გეგმის მიხედვით:

  • რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში, ხოლო NATO არ გაფართოვდება.
  • ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ განათავსებენ;
  • უკრაინის არმიაში ადამიანების რიცხვი 600 ათასით უნდა შემოიფარგლოს. ამჟამად უკრაინის არმიაში 850 ათასამდე ადამიანია, ომამდე კი – 250 ათასი იყო.
  • კიევი დათანხმდება, რომ იყოს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სახელმწიფო;
  • უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს 100 დღეში;
  • რუსეთს სთავაზობენ სანქციების ეტაპობრივ მოხსნას და აშშ-სთან გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებების დადებას მრავალ სფეროში, მათ შორის ენერგეტიკისა და არქტიკაში იშვიათი ლითონების მოპოვების საკითხებში. მოსკოვს ასევე შესთავაზებენ G8-ში გაწევრიანებას.
  • გეგმა ასევე მოიცავს უკრაინის აღდგენის ღონისძიებებს. ესენია უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა, ომის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღდგენა და გაზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და განვითარება. ასევე, გაყინული რუსული აქტივების 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის აღდგენისა და ინვესტიციების განხორციელების მცდელობებში;
  • რუსეთსა და NATO-ს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით გაიმართება დიალოგი უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.